საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე თვლის, რომ სააკაშვილის ავტორიტარიზმი მერაბიშვილის დიქტატურით შეიცვალა.
სწორედ ასე აფასებს ლორთქიფანიძე იმ ცვლილებებს, რომელიც მთავრობაში განხორციელდა.
"ეს არის წინააასრჩევნოდ საბრძოლო შემადგენლობის მთავრობა. ეს არის პოლიტიკური რეჟიმის დაკანონების შემადგენლობა პრინციპით "არც ერთი ნაბიჯი უკან". ეს ის მთავრობაა, რომელიც არანაირი ბარიერის წინაშე არ დაიხევს უკან, ყველა მომავალი უფლებადარღვევის დაცვის გარანტად კი ვანო მერაბიშვილი მოგვევლინება", - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან დაკავშირებით დეპუტატი აქცენტს სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე ხათუნა კალმახელიძის დატოვების საკითხზე აკეთებს და აცხადებს, რომ "მთავრობაში კალმახელიძის შენარჩუნება ნიშნავს, რომ პენიტენციალურ სისტემაში არაადამინაური წამების ფაქტები გაგრძელდება, რასაც მერაბიშვილი სისტემის მართვის ინსტრუმენტად გამოიყენებს".
"ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე წარმოდგენილი მთავრობის ერთადერთ პოზიტივად ლტოლვითა და განსახლების მინისტრობის თანამდებობიდან კობა სუბელიანის გადაყენებას ასახელებს.
ვეფხვაძე ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ ქდმ დიდი ხანია, მთავრობასა და პარლამენტს კობა სუბელიანის შეცვლას სთავაზობდა, რისი გაზიარებაც აქამდე უნდა მომხდარიყო.
"სხვა შემთხვევაში კი არაფერი იცვლება, რადგან შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება", - განაცხადა ვეფხვაძემ.











