თბილისში ხეტიალს კვლავ თაბუკაშვილის ქუჩიდან, ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზიდან ვიწყებთ. განწყობის შესაქმნელად და თბილისის სურნელის შესაგრძნობად მწერალი დემნა შენგელაია დავიხმარე.
ტფილისი
რომანი
პროლოგი
ტფილისის აპოლოგია
"საქართველოს დედაქალაქი - ტფილისი
იყო: მცხეთა.
მცხეთაში ბატონობდნენ მესხები, ტფილისში-ტაბალები.
"ვახტანგ აშენებდა ქალაქსა ტფილისსა და საფუძველი ოდენ დაედვა".
მეხუთე საუკუნეში ქრ.შ. მეფემან დაჩი "განასრულა ზღუდენი ტფილისისანი და, ვითარ ებრძანა ვახტანგის, იგი შეიქმნა სახლად სამეუფოდ", და ასე: "ტფილისს კაცნი დასხდებოდეს."
"მცხეთა ათხელდებოდა და ტფილისი ეშენებოდა, არმაზნი შემცირდებოდეს და კალა განდიდებოდა".
ეს იყო. . .
არავის ახსოვს. . .
მატიანეები იბნევიან. . .
რით არის შესანიშნავი ტფილისი?"
ამ კითხვაზე მწერლისეულ პასუხს მომავალში გამცნობთ.
დემნა შენგელაია
ჟურნალი "მნათობი", 1927წელი
დემნა შენგელაიას მოკლე ისტორიული ექსკურსიდან მეოცე საუკუნის 80-იან წლებში მხატვარი თემურ შვანგირაძე გაგვასეირნებს და ოცდამეერთე საუკუნეში ლევან პაპალაშვილთან ერთად შეგვიძღვება...
გასეირნება მესამე
ძველ თბილისურ უბნებში, სადაც არა მარტო ერთმანეთს, არამედ ერთმანეთთან მიმსვლელ-მომსვლელსაც იცნობენ, უცხო კაცის გამოჩენა ბუნებრივ ინტერესს იწვევს და თუ ის მოლბერტს მხრიდან ჩამოიხსნის და თავს სამუშაოდ დაიმყუდროებს, მაშინ ხომ ნუ იტყვით - ცნობისმოყვარეობის ხარისხიც და რაოდენობაც მკვეთრად იზრდება. ბატონმა თემურმა ცნობისმოყვარეთა რამდენიმე კატეგორია გამოჰყო: უყურებენ ჩუმად, ჩუმადვე მიდიან. ეს ჩემს მდგომარეობაში იდეალური ვარიანტია. მეორენი კითხვებით გაგბურღავენ. საინტერესოა, რომ კითხვის შინაარსით ეთნიკური ნიშნის განსაზღვრაც შეიძლება:
- უნდა გაყიდო?
- რამდენს მოგცემენ?
ან
- ამას გამოფენაზე წაიღებთ?
- სად შეიძლება თქვენი ნამუშევრების ნახვა?
ამ დროს არ ბრუნდები, მუშაობას არ წყვეტ და ისე პასუხობ. ამ ნახატზე მუშაობისას მოინახა კაცი, რომელმაც ჩემი კვალიფიკაციის შემოწმება გადაწყვიტა:
- ამას რომ ხატავ კარგია, მაგრამ შეგიძლია ადამიანი დახატო?
დიდი პაუზის შემდეგ ვუპასუხე, რომ შემეძლო. შემდეგი კითხვა უფრო კონკრეტული იყო:
- მაგალითად შეგიძლია მე დამხატო?
-თუ ძალიან მოინდომებ, რატომაც არა?!
ამ კითხვების კასკადის ფონზე გაშტერებული უყურებს ნახატს. მერე მესმის
- აბა მიდი! და ამ დროს ისევ იქ დგას.
- გაიარ-გამოიარე რა, რომ შეგხედო - ვეუბნები.
ჩათვალა, რომ ზრდილობიანად მოვიშორე. ნახევარი საათის შემდეგ მოდის მოპირდაპირე მხრიდან. გაიარა, გამცდა, ზურგს უკან ოდნავ ირიბად გადმოიხედა და გამოსცა:
-ვაახ.. შემდეგ ოდნავ მოგუდული ხმით - აი, მალადეც!"
ასე შემორჩა მხატვრის ტილოზე უცნობი მამაკაცი ერეკლე მეორის ქუჩას. ქუჩას, რომელიც სავარაუდოდ, თბილისის ხნის უნდა იყოს და რომელიც ზემო კალაში მდებარეობს - ერეკლე მეორის მოედანსა და სიონის ქუჩას შორის. მე-17-მე-18 საუკუნეებში აქ სავაჭრო რიგები ყოფილა განლაგებული - რასტაბაზარი. რასტაბაზარის ბოლოში, თაღში კარიბჭე ყოფილა, რომელიც ღამე იკეტებოდა. 1900 წლამდე ამ მონაკვეთსაც სიონისა ერქვა. 1900-1948 წწ. ირაკლის ქუჩა, 1948 წლიდან დღემდე კი ერეკლე მეორის სახელს ატარებს.
მომავალ გასეირნებამდე, თბილისში .....
ნინო გედენიძე











