საქართველოს ძიუდოს ფედერაციის განცხადებით, ძიუდოისტ ამბაკო ავალიანის ეროვნული ნაკრებიდან გარიცხვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
ამის შესახებ ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია აცხადებს, რომ ამა თუ იმ სპორტსმენის ეროვნულ ნაკრებში გაწევრიანების ან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში არ შედის. შესაბამისად, რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს მიერ ძიუდოისტ ამბაკო ავალიანის ეროვნული ნაკრებიდან გარიცხვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება. ამბაკო ავალიანმა ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ ის საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრებიდან გარიცხეს და კუთვნილი ხელფასი მოუხსნეს. ავალიანის თქმით, ეს ფაქტი მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო მოხდა. ძიუდოს ეროვნული ფედერაცია აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას ეროვნულ ნაკრებში სპორტსმენის გამოძახების შესახებ ერთპიროვნულად იღებს ნაკრების მწვრთნელთა კორპუსი და ნაკრების წევრობის მუდმივი სტატუსი არ არსებობს. ამბაკო ავალიანის შემთხვევაში კი ეროვნული ნაკრების მწვრთნელი - გიორგი ვაზაგაშვილი სპორტსმენს ტელეფონით სამჯერ დაუკავშირდა და სთხოვა შეკრებაზე გამოცხადებულიყო, თუმცა - უშედეგოდ. რაც შეეხება სპორტსმენის სახელფასო ანაზღაურებას, ის დამოკიდებულია ამ სპორტსმენის მიერ სპორტული კარიერის განმავლობაში დაგროვილ ქულებზე და შესაბამისად, ამ თანხას მას სახელმწიფო უხდის. ეს თანხა ამბაკო ავალიანმა გასულ თვეშიც აიღო და მიმდინარე თვესაც დაერიცხება. საქართველოს ძიუდოს ფედერაცია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არც ერთი სპორტსმენის პოლიტიკური შეხედულებები შეზღუდული არ არის, თუ ეს შეხედულებები სპორტულ დისციპლინას ხელს არ უშლის. ფედერაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს სპორტსმენებს, გამიჯნონ სპორტი და აქტიური პოლიტიკა, მოუხმონ მორალურ პრინციპებს და პოლიტიკური ქულების დასაგროვებლად საკუთარი სპორტული კარიერით ნუ ივაჭრებენ", - ნათქვამია განცხადებაში.












