საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი თვლის, რომ პოლიტიკურ პროცესში ჩართვის გადაწყვეტილება ნებისმიერი სპორტსმენის, როგორც თავისუფალი მოქალაქის პირადი არჩევანია და ეს მის სპორტულ კარიერაზე არ უნდა აისახოს.
ამის შესახებ საქართველოს ოლიმპიელთა კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"სპორტი ყველას, სარწმუნოების, სოციალური ფენის, რასის, პოლიტიკური შეხედულებისა და ეროვნების მიუხედავად აერთიანებს. ჩვენ ვთვლით, რომ პოლიტიკურ პროცესში ჩართვის გადაწყვეტილება ნებისმიერი სპორტსმენის, როგორც თავისუფალი მოქალაქის, პირადი არჩევანია და ეს მის სპორტულ კარიერაზე არ უნდა აისახოს. აქვე დავსძენთ, რომ სპორტსმენის მიერ ეკონომიკური, პოლიტიკური ვითარების ანალიზი მიზანშეწონილი არაა. სპორტსმენს არ აქვს მორალური უფლება თავისი ფიზიკური ძალა ვინმეს წინააღმდეგ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენოს, ამისთვის სპორტული არენა არსებობს, რადგან სპორტი ზნეობრივი ღირებულებების დაცვით პაექრობაა უძველესი დროიდან", - ნათქვამია განცხადებაში.











