შპს ტელეკომპანია "კავკასია", შპს "მეცხრე არხი ინფო" და შპს "რიმა" თანამგზავრული სისტემებით მაუწყებლობას ითხოვენ.
როგორც "პირWელს" კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან აცნობეს, "კავკასია" მისი კუთვნილი მაუწყებლობის №23 ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების ისეთ ცვლილებას ითხოვს, რომ კომპანიას შესაძლებლობა მიეცეს ზემოაღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე, ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც.
საკითხის ზეპირი მოსმენა 13 სექტემბერს, 16:00 საათზე გაიმართება და კომისია გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მიიღებს.
რაც შეეხება, "მეცხრე არხი ინფოს" და შპს "რიმას", საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე აღნიშნული კომპანიების განცხადების საფუძველზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
კომპანია "მეცხრე არხი ინფო" თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიას, შპს "რიმა" კი თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობის ლიცენზიას ითხოვს.
ორივე მოთხოვნასთან დაკავშირებით, საკითხის ზეპირი მოსმენა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, 17 სექტემბერს, 16:00 საათზე გაიმართება, გადაწყვეტილებას კი ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისია ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ მარეგულირებლის ინფორმაციით, "კომედი ტვ"–მ თანამგზავრული სისტემებით მაუწყებლობის ლიცენზია უკვე მიიღო.












