მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინ სიმბოლური აქცია "დააყადაღე პროკურატურა" გამართეს.
მედია საშუალებების წარმომადგენლებმა სამინისტროს შენობასთან სიმბოლურად კარი მიიტანეს წარწერით "დაყადაღებულია".
როგორც ჟურნალისტებს გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა განუცხადა, "დღევანდელი აქცია ემსახურება პროტესტის გამოხატვას იმ უკანონო ქმდებების წინააღმდეგ, რომლებსაც პროკურატურა და იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს".
"ჩვენ მივიჩნევთ, რომ დასაყადაღებელი სწორედ იუსტიციის სამინისტრო და პროკურატურაა. ამიტომ დღევანდელ აქციაზე სიმბოლურად კარი მოვიტანეთ. ეს არის სიმბოლური პროტესტი "მაესტროს" საქმესთან დაკავშირებით და მოვითხოვთ, ტელეკომპანიას კუთვნილი ქონება -სატელიტური თეფშები დაუბრუნდეს. იუსტიციის სამინისტრო და პროკურატურა კი იმის მაგივრად, რომ ხელს უწყობდნენ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას, პირიქით იქცევიან და ცდილობენ, საზოგადოებას ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებები შეუზღუდონ", - განაცხდა ტუღუშმა და დასძინა, რომ ანალოგიური საპროტესტო აქციები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე სამართლიანობა არ აღსრულდება.
თავის მხრივ, "მაესტროს" თეფშების დაყადაღება გააპროტესტა აქციაზე მყოფმა მწერალმა ბასა ჯანიკაშვილმა.
"ორი დღის წინ სიმბოლური აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გავმართეთ, სადაც სიმბოლური თეფში მივიტანეთ, მაგრამ ადმინისტრაციიდან ვიღაც ქალბატონი გამოვიდა და გვითხრა, რომ პრეზიდენტი ქრთამს არ იღებს და მექრთამეები ჩვენ ვართ. მე ამ ქალბატონისგან მოვითხოვ, ბოდიში მოიხადოს, ან თუ ჩვენ მექრთამეები ვართ, ეს დანაშაულია და დაგვიჭირონ", - განაცხადა ჯანიკაშვილმა და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც სიტყვის თავისუფლება ძვირფასია, გვერდში დგომისკენ მოუწოდა.
ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროს შენობის წინ სიმბოლური აქცია უკვე დასრულდა.
აქციაზე სხვადასხვა მედია ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, მათ შორის ჟურნალ "ლიბერალის" რედაქტორი შორენა შავერდაშვილი, სტუდია "მონიტორის" ხელმძღვანელი ნინო ზურიაშვილი და ასევე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედია სამართლებრივი ცენტრის ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე.
თელარა გელანტია












