ხვალ პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში დისკუსია თემაზე "ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმა - ადამიანის უფლებების დაცვის პერსპექტივა" გაიმართება.
როგორც საპარლამენტო კომიტეტში აცხადებენ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, ფსიქიკურ აშლილობას მსოფლიოში სიღარიბე, უმუშევრობა და სოციალური ცხოვრებიდან გარიყვა უკავშირდება.
მათივე თქმით, ფსიქიკურ დაავადებასთან დაკავშირებული სტიგმა და დისკრიმინაცია როგორც პაციენტის, ასევე მისი უახლოესი გარემოცვის ცხოვრებაზე აისახება.
"დღეს საქართველოში ფსიქიატრიული სისტემის ინსტიტუციური რეფორმა მიმდინარეობს. კერძოდ, მრავალპროფილურ კლინიკებში ფსიქიატრიული განყოფილებები გაიხსნა, სადაც მკურნალობის და მოვლის პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს თან ახლდეს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა ღირსების და უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მიდგომების დამკვიდრება, რაც თავის მხრივ ხარისხიანი ფსიქიატრიული დახმარების აღმოჩენას და ამ ადამიანთა საზოგადოებაში რეინტეგრაციას შუწყობს ხელს" - აცხადებენ ჯანდაცვის კომიტეტში.
ხვალინდელ შეხვედრაზე საუბარი შემდეგ საკითხებზე - ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმა - არსებული გამოწვევები, ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებების დაცვა - პერსპექტივები და ბარიერები; პაციენტთა უფლებების დაცვის მექანიზმების განხილვა და სამომავლო ხედვა წარიმართება.
მრგვალი მაგიდა 15:00 საათისთვის დაინიშნა.











