საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ბაგრატის ტაძრის გარეთ ლიფტი აღარ დამონტაჟდება.
როგორც საპატრიარქოს პრეს-სამსახურ იუწყება ამ საკითხზე შეთანხმება გუშინ, კულტურის საკითხზე გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღწეული.
"მიმდინარე წლის 21 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მისმა უწმიდესობამ ილია მეორემ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა მიიღო. შეხვედრას დაესწრო ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე) და დეკანოზი ბესარიონ მენაბდე. მისმა უწმიდესობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის პოზიცია და განაცხადა, რომ საქართველოს საპატრიარქო არის ინიციატორი და მხარს უჭერს ბაგრატის ტაძრის აღდგენას, ოღონდ იმ სახით, რომელიც მას ძველ იერს მაქსიმალურად დაუახლოვებს. აღნიშნული პოზიცია იქნა დაფიქსირებული საპატრიარქოს წარმომადგენლების მხრიდანაც 22 ივნისს, კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ტაძრის დასავლეთ მკლავის პროექტის ავტორი, არქიტექტორი ანდრეა ბრუნო ესწრებოდა. უნდა ითქვას, რომ ბრუნო გაგებით შეხვდა ეკლესიის მოთხოვნას და მხარი დაუჭირა ბაგრატის ტაძრის დასავლეთ მკლავში შუშის ნაცვლად ისეთი მასალის გამოყენებას, რომელიც ეკლესიის ინტერიერს არ დაარღვევს, ქვის ფაქტურასთან მაქსიმალურად იქნება მიმსგავსებული და შესაძლებლობისამებრ ტაძრის შიდა სივრცეს დაუმახინჯებლად აღადგენს.
ამ შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება იმის თაობაზეც, რომ აღარ იქნება საუბარი ლიფტის დამონტაჟებაზე და არც შუშის გამოყენებაზე მეორე სართულის იატაკზე.
ანდრეა ბრუნომ რამდენიმე დღეში უნდა წარმოადგინოს პროექტის ახალი ვარიანტი აღნიშნულის გათვალისწინებით", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
დავით ჯალაღონია












