მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ მოციქულთა სწორის მარიამ მაგდალენელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
საეკლესიო სწავლების თანახმად, მარიამ მაგდალენელი გენესარეთის ტბის პირას, პატარა ქალაქ მაგდალაში დაიბადა და აღიზარდა. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, იგი მშვენიერი და მომხიბვლელი, ყმაწვილქალობაში თავშეუკავებლად ცხოვრობდა. სახარების თანახმად, მომავალ წმიდანში ეშმაკი ბუდობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც იესო ქრისტემ სნეული მარიამი განკურნა, იგი ღვთაებრივი სიყვარულით აენთო და მაცხოვრის ერთგული მოწაფე და მიმდევარი შეიქნა. მარიამ მაგდალინელი თან ახლდა მაცხოვარს, როცა იგი მოციქულებთან ერთად იუდეისა და გალილეის ქალაქებსა და დაბებში ქადაგებდა. ამასთან, მარიამ მაგდალინელი რომში ჩავიდა საქადაგებლად. მან სახარების ქადაგებით მთელი იტალია მოიარა, ტიბერიუს კეისრის კარზეც შეაღწია და ძღვნად წითელი კვერცხი მიართვა. სწორედ მარიამ მაგდალინელისგან მომდინარეობს აღდგომის დღესასწაულზე წითლად შეღებილი კვერცხების მირთმევის ტრადიცია. წმიდა მარიამი ეფესოში გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს.
მისი უხრწნელი ნაწილები IX საუკუნეში ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და წმიდა ლაზარეს სახელობის მონასტრის საყდარში დააბრძანეს. ჯვაროსნული ლაშქრობების დროს ეს სიწმიდე იტალიაში გადაიტანეს და რომში, იოანე ლატერანის ტაძრის საკურთხევლის ქვეშ დაკრძალეს. ნაწილი ნეტარი დედის წმიდა ნაწილებისა - საფრანგეთში, მარსელის მახლობლად, მისი სახელობის ტაძარშია დასვენებული.











