საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა "საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის სახელმწიფო კომპანიის" პრეზენტაცია გამართა.
მერაბიშვილმა ახალი ინიციატივა წყალტუბოს რაიონში ფერმერებს პირადად გააცნო. პროექტის პრეზენტაციას ახლადშექმნილი კომპანიის დირექტორი გიორგი ჯახუტაშვილიც ესწრებოდა.
"ხილისა და ბოსტნეულის სახელმწიფო კომპანიის მიზანი ქართველი გლეხებისა და ფერმერების ხელშეწყობაა მათ მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციაში. კომპანია მწარმოებლებს საბაჟო პროცედურების გამარტივებულად გავლის, პროდუქციის ტრანსპორტირების და მათი საზღვარგარეთის ბაზრებზე გატანის მიმართულებით დაეხმარება. ამისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ხილისა და ბოსტნეულის შემგროვებელი პუნქტები გაიხსნება, რომლებიც მიღებული პროდუქციის დახარისხების, დაფასოების და შენახვის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება. პროდუქციის ტრანსპორტირებაში რკინიგზა და ავიაცია აქტიურად ჩაერთვება. ამჟამად უკრაინაში შემნახველი ტერმინალის მშენებლობა მიმდინარეობს, საიდანაც ქართული ხილი და ბოსტნეული როგორც უკრაინის, ისე აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების ბაზრებზე გავა. ქართველი ფერმერებისა და გლეხებისთვის დღემდე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩებოდა მოთხოვნის არასტაბილურობა ბაზრებზე, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ დანაკარგებს იწვევდა, ხოლო დღეიდან მათ მიერ მოწეული მოსავლის გასაღების გარანტი სახელმწიფო ხდება", - განაცხადა მერაბიშვილმა.












