ქართველ და ქართველ ებრაელთა საზოგადოების წარმომადგენლები ჟურნალ "თეატრი და ცხოვრებისა" და გაზეთ "მენორას" რედაქტორს გურამ ბათიაშვილს ისრაელზე, საქართველოსა და ასევე ქართველ და ებრაელ საზოგადო მოღვაწეებზე ცილისმწამებლური პუბლიკაციების გამოქვეყნებაში ადანაშაულებენ.
გურამ ბათიაშვილთან დაკავშირებული კონფლიქტის დეტალებზე "პირWელს" სპორტული რადიო "ჯაკოს’’ გენერალური დირექტორი, სპორტული კომენტატორი და კალათბურთში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ჯამლეტ ხუხაშვილი ესაუბრა და ბათიაშვილის პუბლიკაციები და ამის გამო განაწყენებული ოპონენტების მიერ სხვადასხვა დროს პრესაში გამოქვეყნებული მასალები წარუდგინა.
- ჩვენმა ოპონენტმა გურამ ბათიაშვილმა პირველად 1970 წელს გაზეთ "კომუნისტში’’ სტატია დაბეჭდა, სადაც საუბარი იყო “ისრაელის სამხედრო ხროვის შესახებ, რომელიც არაბ მოსახლეობასა და ბავშვებს უმოწყალოდ ანადგურებს’’. მაშინ კომუნისტური პერიოდი იყო, როდესაც ისინი პოპულარულ, მაღალი რანგის პიროვნებებს აშინებდნენ და მსგავსი შინაარსის პუბლიკაციების დაწერას აიძულებდნენ, თუმცა როგორც სპეციალისტებმა ამ წერილის გაშიფვრის შემდეგ განაცხადეს, "მისი ავტორი რიგითი ლიტმუშაკი იყო, რომელიც იმ დროს პოპულარული არ ყოფილა, ამიტომ, როგორც ჩანს, ბათიაშვილს აღნიშნული პუბლიკაციის დაწერა არა კომუნისტებმა, არამედ საკუთარმა კარიერისტობამ აიძულა. ეს არა ჩემი, არამედ მისი იმდროინდელი კოლეგების დასკვნაა. წერილის დაწერიდან 2 წლის შემდეგ ბათიაშვილმა ისრაელს კვლავ გადაუარა. მან პრესაში ერთ-ერთი ანტიებრაულად განწყობილი ოჯახის უფროსის თარგმანი გამოაქვეყნა იმის შესახებ, რომ ‘’ისრაელის აღთქმული მიწა საბჭოთა ებრაელებისთვის ჯოჯოხეთად იქცა”. ამ მასალების გამო ბათიაშვილი 1994 წელს რუსულ ენციკლოპედიაში მოხსენიებულია, როგორც ანტისემიტი და 1970-იან წლებში ანტიებრაული კამპანიის წარმომადგენელი. გარდა ამისა, ბათიაშვილმა მის მიერვე შეთხზული ცილისმწამებლური პუბლიკაციებით მრავალი სასიქადული საზოგადო მოღვაწე შეურაცჰხყო.
წარსულში ბათიაშვილის წინაღმდეგ იბრძოდნენ სემიტი რევოლუციონერი, გარდაცვლილი ვლადიმერ ფიჩხაძე, აკადემიკოსი ლული შათაშვილი, აბრეკ ბათოშვილი და სხვები. 1997 წელს ჟურნალისტმა მარინა ბუზუკაშვილმა ბათიაშვილთან დაკავშირებით გაზეთში სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ის წერდა, რომ “ბათიაშვილის გაზეთი დახურული უნდა იყოსო’’. ამასთან, ბუზუკაშვილი მას ცილისწამებისთვის სასამართლოში ჩივილსაც დაჰპირდა. 1998 წელს ლიტერატურულ გაზეთში მსგავსი შინაარსის სტატია ნათან ბააზოვმაც დაწერა. აბონ ციციაშვილმა საკუთარ წიგნში ბათიაშვილის სახე ნათლად დაგვანახა. მან ყველა ციტატა შეაგროვა და ოჯახის დახმარებით ერთ წიგნად გამოსცა და ამით ბათიაშვილის პორტრეტი დაგვიხატა. წიგნში ათეული წლების განმავლობაში ბათიაშვილზე დაწერილი სტატიებია თავმოყრილი, რომლებიც მის ცხოვრებას ნათლად აღწერენ და აფასებენ. ამასთან, ბათიაშვილმა ლეგენდარულ პიროვნებას ჯემალ აჯიაშვილს, რომელიც ახლა სისხლის გათეთრებით ონკოლოგიურ საავადმყოფოში წევს, ცილი დასწამა. მისი მეუღლის განცხადებით, აჯიაშვილი ავადმყოფობამდე სწორედ ბათიაშვილმა საკუთარი პასკვილებით მიიყვანა. ამასთან, მან გაილაშქრა ისრაელის მწერალთა კავშირის თავმჯდომრის მოდგილის თამარ კეზერაშვილის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ "კეზერაშვილი ყველას ატყუებდა, თითქოს მას სახელმწიფო პრემია ჰქონდა მიღებული, რადგან ივანე მაჩაბლის პრემია სახელმწიფო პრემია არ ყოფილაო”. კეზერაშვილმა საპასუხო წერილი დაუწერა, რომლშიც ადასტურებდა, რომ მას სახელმწიფო პრემია მართლაც ჰქონდა მიღებული. კეზერაშვილი ბათიაშვილს სასამართლოში ჩივილითაც დაემუქრა. ნათელა არველეძემ ბათიაშვილის წინააღმდეგ ღია წერილი დაწერა, რომელშიც თეატრალურ მოღვაწეთა კავშირში ბათიაშვილს 20 წლის წინანდელი ავაზაკობა გაუხსენა. ამ ადამიანს ებრაელთა თავადმა, ქოენმა რეფაელ მესენგისერმა შეახსენა, რომ თორის წესებით იგი ჩაქოლვას იმსახურებს. გარდა ამისა, ბათიაშვილს დაპირისპირება აქვს კომპოზიტორ გურამ პაატაშვილთან. თავდაპირველად ბათიაშვილი პაატაშვილს აქებდა როგორც დიდ კომპოზიტორს, ხოლო როდესაც მათ შორის შავმა კატამ გადაირბინა, პაატაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იგი ‘’თვითმარქვია კომპოზიტორია და მან აკადემიკოსობა ნიუ-იორკში, მიხეილ როკეტლიშვილის დახმარებით 250 დოლარად იყიდა’’. ამ ცილისწამების შემდეგ გურამ პაატაშვილმა საპასუხო საგაზეთო წერილში მიუთითა, რომ ბათიაშვილმა სიცოცხლეშივე საკუთარ თავს ძეგლი დაუდგა, რომელსაც დაამშვენებს მრავლისმთქმელი წარწერა: ~პროვინციელი თაღლითი, ვაიმწერალი, კვაზიმორდა, ნასედკა, ქურდბაცაცა, თაღლითი, მომწერლო სუბიექტი, ფარისეველი, რვაფეხა, გაყალბების დიდოსტატი და ა.შ.’’. ამ ეპითეტებით გურამ ბათიაშვილი სხვადასხვა დროს შემკობილია ჩვენი საზოგადოების გამორჩეული პიროვნებების მიერ.
მე ერთ დროს ბათიაშვილთან ცუდი ურთიერთობა არ მქონდა, კი ვიცოდი, მაღალი რანგის ქართველის ებრაელების მიმართ მისი ღვარძლიანი, შურიანი და ეგოისტური დამოკიდებულების შესახებ, თუმცა ვფიქრობდი, რომ გამოსწორდებოდა და ადამიანურ თვისებებს გამოამჟღავნებდა, ამიტომ მასთან ჩემი ასეთი დამოკიდებულების გამო ციციაშვილის წიგნში მეც მომიხსენიეს და "შემამკეს’’. როდესაც მეც ყველაფერს გავეცანი, მივხვდი, რომ ბათიაშვილის დაცვით კარგ საქმეს არ ვაკეთებდი, ის ჩვენი მხარდაჭერით სარგებლობდა და ქვეყანაში თავს პირველ კაცად ასაღებდა.ბოლოს მე თემის წინაშე ოფიციალური ბოდიში მოვიხადე.
ბათიაშვილის წინააღმდეგ ჩემი და ჩემი თანაგუნდელების, ებრაელთა თემის ნაწილის ბრძოლა დაახლოებით, 4 წლის წინ დაიწყო. ეს გახლავთ ალბათ, ბრძოლის ბოლო ეტაპი, რადგან მის წინააღმდეგ წლების განმავლობაში სხვებიც იბრძოდნენ, თუმცა ამაოდ. ერთ-ერთ კრებაზე ქართულ-ებრაული თემის 35 წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წერილს, რომელშიც ვაცხადებდით, რომ ბათიაშვილი თვითმარქვიაა და იგი ქართველ-ებრაელთა ლიდერად არავის აურჩევია. ეს წერილი ინგლისურ, ქართულ და რუსულ ენებზე მთელს მსოფლიოში გაიგზავნა, თუმცა ეს ადამიანი იმდენად გამოცდილი ნაძირალაა, რომ თითქმის ყველგან დაბლოკა. სხვათაშორის, სპორტში მიღებულია, რომ შენი მოწინააღმდეგე უნდა დააფასო, თუ ამ გამოცდილებას გავიზიარებთ, თამამად შეგვიძლია, განვაცხადოთ, რომ ნაძირალებს შორის იგი ოლიმპიური თამაშების არსებობის შემთხვევაში ოქროს მედლის უკონკურენტო პრეტენდენტი გახდებოდა.გურამ ბათიაშვილმა ბოლო 4 წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტი ადამიანი, მათ შორის, საკუთარი მეგობრები აიმხედრა და გადაიმტერა, მაგრამ არც ეს არ იკმარა, იგი ამჯერად საქართველოს ტოლერანტობას გადასწვდა. მან გაზეთ "მენორასა’’ და "რეზონანსში’’ დაწერა, რომ ‘’დღევანდელ საქართველოში სამამულო ომში დაღუპულ გარდაცვლილ ებრაელებს დასცინიან და ეს მხოლოდ ჰიტლერის გარემოცვაში შეიძლებოდა, მომხდარიყო’’. ამ სტატიის დაწერის მიზეზი საზრიანთა კლუბის ერთ-ერთ შეჯიბრებაზე დასმულ კითხვაზე, ახალგაზრდების მიერ დაუფიქრებლად გაცემული პასუხი გახდა, რაც რა თქმა უნდა, ამაზრზენია, თუმცა ეს შეცდომა, რამდენიმე თინეიჯერმა დაუშვა, ბათიაშვილმა კი ისინი სრულიად საქართველოსთან გააიგივა და მთელს მსოფლიოს მოსდო, თითქოს ქართველები ებრალებს დაგვცინიან და ბათიაშვილი მათგან გვიცავს.
როგორც ამბობენ, ამ ყველაფერს კარიერისთვის აკეთებდა და დაწინაურდა კიდეც. გახდა რედაქტორი, შემდეგ მაღალი რანგის ადგილებიც დაიჭირა. ამასობაში იგი თავის "ნიჭთან’’ ერთად ქართველ-ებრაელთა მიმართ განსაკუთრებული სითბოს გამო სხვადასხვა ლაურეატის წოდებებსა და მრავალ პრემიას იღებს. დღეს ბათიაშვილი ლიტერატურულ პრემია ‘’საბაზეა’’ წარდგენილი. იმ საბასი, რომელსაც ერთი შესანიშნავი იგავ-არაკიც "მორიელი და კუ" ეკუთვნის. პროფესორ გერშონ წიწუაშვილის შეფასებით, ‘’ეს იგავი სწორედ ბათიაშვილზეა დაწერილი, რომელიც მორიელის როლშია’’. დანარჩენი თავად განსაჯეთ.
- როგორც თქვენ განაცხადეთ, ბათიაშვილის გუნდში იყავით. თუ გითქვამთ მისთვის ეს შენიშვნები და თუ გქონდათ მცდელობა ბათიაშვილთან პირისპირ გესაუბრათ?
- დიახ, მე ვიყავი გურამის გვერდში, რაც ოფიციალურად მოვინანიე და ბოდიშიც მოვიხადე. მაშინ 1970 წელს გამოქვეყნებული სტატიის შესახებ არაფერი ვიცოდი. მისი ნამდვილი სახე აბონ ციციაშვილის წიგნმა დამანახა. საქმე იმაშია, რომ ჯამლეტისა და გურამის პირისპირ საუბარი სულაც არ არის საჭირო. მართალია, იგი ჭორებს ავრცელებს, რომ ეს ორი ადამიანის - ჯამლეტ ხუხაშვილისა და გურამ ბათიაშვილის კონფლიქტია, თუმცა სინამდვილეში, ეს 42-წლიანი უთანხმოება ბათიაშვილსა და თემის უზარმაზარი ნაწილს, ბათიაშვილსა და მთელ საქართველოს, მთელ ისრაელს შორის არსებობს. თუ ვინმეს ჰქონია, რომ ხუხაშვილსა და ბათიაშვილს შევარიგებთო, ეს თავიდან უნდა ამოიგდონ. ჯამლეტს არავითარი უფლება არ აქვს, ამხელა ტვირთი საკუთარ თავზე აიღოს. დავუშვათ და გაგიჟდა ჯამლეტი და გურამს შეურიგდა, მაგრამ თემს, საქართველოს და სხვადასხვა ქვეყნის ქართულ-ებრაული თემის წარმომადგენლებს გურამთან ვინ შეარიგებს?! ჩვენ ქართველი ებრაელები ვიწრო წრეში, სალოცავში ვიკრიბებოდით. არაერთხელ გვქონდა იმის მცდელობა, რომ ბათიაშვილი მოგვეყვანა, რომ მას ამდენი დანაშაულის შემდეგ ერთი ბოდიში მაინც მოეხადა. ამის დამადასტურებელი ოქმები დღესაც არსებობს, თუმცა ამაოდ, სამწუხაროდ, ვერც ერთი ადამიანი ვერ აღმოჩნდა, რომელსაც იგი დაუჯერებდა და სამშვიდობო გასაუბრებაზე მოვიდოდა. ბათიაშვილი დღესაც აცხადებს, რომ იგი ყველაფერში მართალია და ჩვენ ცილისწამებაში გვადანაშაულებს, არადა ფაქტებად მარტო მის მიერ ‘’მენორაში’’ დაბეჭდილი სტატიებიც კმარა.
- როგორც ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადეთ, ისრაელში ბათიაშვილის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. რა ეტაპზეა სასამართლო და რას ითხოვთ მისგან?
- გურამ ბათიაშვილმა ‘’მაკაბიელებს’’ ცილი დასწამა, რომ თითქოს ისინი ისრაელში მაკაბიადაზე წასვლას ნარკოტიკების გადასაზიდად იყენებდნენო. მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მაშინდელ ელჩს ეკუთვნის. ამის გამო ჩვენ - ‘’მაკაბიალებმა’’ ისრაელში, ქალაქ ხაიფას სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ, რადგან ის ისრაელის მოქალაქეა. ბათიაშვილი არცერთ სხდომაზე არ გამოცხადებულა და ალბათ, გადაწვეტილებას სასამართლო მისი დასწრების გარეშე გამოიტანს. ჩვენ მორალური ზიანიას ანაზღაურებისთვის 100 000 დოლარსა და გაზეთში მონანიებისა და მობოდიშების წერილს ვითხოვთ. აღნიშნულ თანხას კი ცილისწამებისაგან დაზარალებულ ჯემალ აჯიაშვილს გადავურიცხავთ, რომელიც იერუასალიმის ონკოლოგიურ საავადმყოფოში მკურნალობს. სავარაუდოდ, მის წინააღმდეგ სარჩელს ის ელჩიც შეიტანს, რომლისგანაც თითქოს ბათიაშვილმა ‘’მაკაბიელების’’ შესახებ მსგავსი ინფორმაცია შეიტყო. როგორც ბათიაშვილი ამბობს, ამის შესახებ ელჩმა 1995 წელს განაცხადა, მაშინ, როცა, ჩვენ ‘’მაკაბიადაზე’’ 1997 წელს წავედით.
- როგორც თქვენ აცხადებდით, ბათიაშვილის წინააღმდეგ საქმის წარმოება ქართულ სასამართლოშიც უნდა დაწყებულიყო. ამ შემთხევაში ვინ უჩივის ბათიაშვილს?
- როგორც ნოდარ დუმბაძის მეუღლე აცხადებს, ბათიაშვილს 15 წლის წინ ოკეანის გაღმა დუმბაძის პიესა ჰქონია წაღებული და არსებობს ვარაუდი იმისა, რომ ბათიაშვილმა დუმბაძის პიესა თავისად გაასაღა. ამის გამო კარგა ხანია, მას ნოდარ დუმბაძის ოჯახის წევრები აფიშის ჩვენებას სთხოვდნენ, მაგრამ ამაოდ. პროფესორმა და კინომცოდნემ გოგი დოლიძემ, როგორც დუმბაძეების ოჯახის ახლობელმა და მკითხველმა, დუმბაძის მეუღლისგან ნებართვა აიღო და სასამართლოსთვის მასალები შეაგროვა. შემდგომ, ბათიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა და აფიშაც უჩვენებია. თუ მას აფიშა ჰქონდა, აქამდე 15 წელი რატომ მალავდა?! ეს ყველაფერი ალბათ, სასამართლოზე გაირკვევა. გარდა ამისა, ამ პიესისგან მიღებული ჰონორარი მას დუმბაძეების ოჯახისათვის არ გადაუცია. რა თქმა უნდა, ესეც დანაშაულია. Gამასთან, გოგი დოლიძემ სასამართლოში წარსადგენად საქართველოს ტოლერანტობის შებღალვის გამო მასალები შეაგროვა. როგორც უკვე აღვნიშნე, მან საქართველო მთელ მსოფლიოში ანტისემიტიზმში დაადანაშაულა.
- როგორც ცნობილია, კოტე მარჯანიშვილის იუბილესთან დაკავშირებით გურამ ბათიაშვილის პიესის მიხედვით სპექტაკლი უნდას დაიდგას, რასაც თქვენ აპროტესტებდით. თუ მიმართეთ თეატრის ხელმძღვანელობას?
- ბათიაშვილს მარჯანიშვილის პრემიაც აქვს მიღებული, რაც ჩვენ გავაპროტესტეთ. თეატრალურ მოღვაწეთა კავშირში პრემიის მიღების წინ წერილი გავაგზავნეთ, რომ მას ეს ჯილდო არ ეკუთვნოდა, რადგან მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი ნაძირალა, თუნდაც ნიჭიერი, არ უნდა გახდეს. ჩვენ მათ ეს პუბლიკაციები გავუგზავნეთ, თუმცა მოგვწერეს, რომ "ეს ყველაფერი თითიდან გამოწოვილი იყო". ალბათ, პრემიის მიცემის დღესვე ბათიაშვილის დამქაშებმა გადაწყვიტეს, რომ პიესა ბათიაშვილს დაეწერა. აქვე ნათელა არველაძის ღია წერილიდან ამონარიდი მახსენდება, სადაც იგი მიუთითებს, რომ ‘’გურამ ბათიაშვილი ცხოვრებაში ყველაფერს მლიქვნელობით აღწევს’’. ახლა კი ამ პიესის მიხედვით კოტე მარჯანიშვილის თეატრალიზება უნდა მოახდინონ. ჩვენ 60 კაცზე მეტს გვინდოდა თეატრში მისვლა, ხელმძღვანელობასთან შესახვედრად, თუმცა თეატრის დირექტორის თხოვნით, საინიციატივო ჯგუფის მხოლოდ 16 წარმომადგენელი მივედით და ჩვენი თხოვნა გავაცანით, რომ ამ ნაძირალის მიერ დაწერილი პიესის მიხედვით ჩვენი ქვეყნის გამორჩეული და ისტორიული ხელოვანის კოტე მარჯანიშვილის სპექტაკლი არ დაედგათ, რაც ჩვენი აზრით, მკრეხელობა და ნაძირლობის ლეგალიზებაა. ჩვენ მათ პრემიერის 2-3 თვით გადადება ვთხოვეთ, რადგან ამ დროის განმავლობაში ყველაფერი გაირკვევა და თეატრის ხელმძღვანელები მიხვდებიან, რომ გურამ ბათიაშვილის მიერ დაწერილი პიესის თეატრალიზება დაუშვებელია. ამის შესახებ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ყველა ქართველს რეფერენდუმის დახმარებით შექმნილი სიტუაციის შესახებ გავაგებინოთ, რადგან არსებობს ზოგიერთის მიერ გავრცელებული იდეა, თუ რეჟისორს პიესა მოეწონა, რაც არ უნდა არამზადა, ნაძირალა და მოღალატე იყოს მისი დამწერი, მაინც დადგამს. ნუთუ ყველა ასე ფიქრობს?! რეფერენდუმი სწორედ ამას მოჰფენს ნათელს.
საინფორმაციო სააგენტო "პირWელი"












