ინტერვიუ საზოგადოებრივი მოძრაობა “ამომრჩეველთა ლიგის” ლიდერ კოკა გუნცაძესთან.
- ბატონო კოკა, მას შემდეგ, რაც თქვენი ორგანიზაცია, "ამომრჩეველთა ლიგა" დაფუძნდა, მუდმივად ისმის მოსაზრება, რომ იგი კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით და ფინანსებით მოქმედებს. ეს ეჭვები 27 მაისის აქციაზე თქვენმა გამოჩენამ კიდევ უფრო განამტკიცა. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და თუ ბიძინა ივანიშვილი არა, ვინ აფინანსებს თქვენს ორგანიზაციას?
- არანაირი კავშირი არცერთ პოლიტიკურ ძალასთან თუ ლიდერთან ჩვენ ორგანიზაციას არ გააჩნია. ამის შესახებ მე არაერთხელ განვაცხადე და მუდმივად თავის მართლებას არ ვაპირებ. მითუმეტეს ცილისწამების, ჩემს წინააღმდეგ შავი პიარისა და მსგავსი კამპანიების აგორების საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს. “ამომრჩეველთა ლიგა” საზოგადოებრივი მოძრაობაა, სადაც აქტიური ამომრჩევლების კონსოლიდაცია ქვეყანაში სამართლიანი არჩევნებისათვის ხელშეწყობის მიზანს ემსახურება. ლაპარაკი ვიღაცის კერძო ფინანსებზე, პოლიტიკური მიზნებისა და ამოცანების განხორციელებაზე ზედმეტია. ბუნებრივია, ჩვენ თანამშრომლობა ყველა პოლიტიკურ ძალასთან იმ ფორმატში გვექნება, რასაც საზოგადოებრივი მოძრაობა და ამ ბუნების მატარებელი ორგანიზაციების მიზნები ითვალისწინებს.
- კონკრეტულად რა სახის თანამშრომლობას ითვალისწინებს ეს ფორმატი?
- არის გარკვეული ტიპის საკითხები, რომლებიც პოლიტიკური პარტიისათვის საზოგადოებრივი მოძრაობისათვის თუ რიგითი მოქალაქისათვის საერთოა. ყველა ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებით ვარ დაინტერესებული. სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრების თვალსაზრისით, თანამშრომლობა ყველა ტიპის პოლიტიკურ ძალასთან გვექნება. მხოლოდ ამ ფორმატზეა საუბარი, სხვა ტიპის თანამშრომლობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.
- იქნება თუ არა “ამომრჩეველთა ლიგა” 10 ივნისს ქუთაისში კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ მანიფესტაციაზე წარმოდგენილი?
- ჩვენი ორგანიზაცია ქუთაისში წარმოდგენილი არ იქნება. კერძო პირები, რომლებიც ამ მოძრაობის წევრები არიან, არაფერში იზღუდებიან, ამიტომ ორგანიზაციის რომელიმე წევრი შესაძლოა, იყოს კიდეც წარმოდგენილი, როგორც რიგითი მოქალაქე. თუმცა თავად მოძრაობა “ამომრჩეველთა ლიგა” ქუთაისში წარმოდგენილი არ იქნება. 27 მაისის ხალხმრავალ აქციასთან ჩვენი შეერთების მოტივაცია იყო ის, რომ ქვეყანაში საარჩევნო გარემო არ არის, არ არის თანაბარი პორობები ყველა მონაწილე პოლიტიკური სუბიექტისთვის, განსხვავებული პოზიციისა და მოსაზრების მქონე ადამიანებზე ზეწოლა ხორციელდება, რაც არჩევნების სამართლიანად ჩატარებას ხელს არ უწყობს. ამიტომ შევუერთდით ჩვენ ამ აქციას. ამ მიმართულები მუშაობას გავაგრძელებთ, არ შევეგუებით იმას, რომ ქყვეყანაში არჩევნების ფალსიფიკაცია ხდებოდეს და არჩევნები წინა წლების ანალოგიურად ტარდებოდეს.
- თქვენ მანიფესატაცია გქონდათ დაანონსებული, რომელიც აღარ ჩატარდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქციის გადადება კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ 27 მაისს დაგეგმილ მანიფესტაციას უკავშირდებოდა. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და ახლო მომავალში რაიმე აქციის გამართვას ხომ არ აპირებთ?
- ჩვენ აქციის გამართვას 28 აპრილს ვაპირებდით, მაშინ 27 მაისი გაცხადებული არც იყო. ჩვენს მიერ დაანონსებული აქცია ერთადერთი მიზნით გადავდეთ, რომ
აქცია ყველა იმ ჯგუფის და ორგანიზაციის ყოფილიყო, რომლებიც ამ ქვეყანაში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გამართვით არიან დაინტერესებული. არ გვინდოდა, ეს ჩვენი პრივატული იდეა ყოფილიყო, იმიტომ რომ საარჩევნო გარემოს მიმართ ქუჩაში გამოთქმული პროტესტი არ არის ერთი ორგანიზაციის პრობლემა, ეს არის მთლიანად ქართველი ხალხის პრობლემა. აქციის გადადების კიდევ ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ამ აქციაში მაქსიმალურად მეტი ორგანიზაცია და ხალხი უნდა ჩართულიყო. ამასთან, არ გვინდა, მნიშვნელოვან სამოქალაქო პროცესს ხელი შევუშალოთ, პირიქით, გვინდა, ხელი შევუწყოთ იმ სამოქალაქო პროცესს, რომელიც სწორედ იმ იდეას და მიზანს ემსახურება, რომელიც ჩვენ დავისახეთ ამ ორგანიზაციის დაფუძნების დროს.
- თქვენ განაცხადეთ, რომ ამომრჩეველთა ერთიანი სიების დაზუსტების კომისიის პარალელურად ამომრჩეველთა სიების დაზუსტებას აპირებთ კარდაკარის პროგრამით, უფრო ეფექტური ხომ არ იქნებოდა, აღნიშნულ კომისიასთან გეთანამშრომლათ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მათ საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი გააჩნიათ და კარდაკარის პროგრამასაც ახორციელებენ?
- ჩვენ ვითანამშრომლებდით მათთან, რომ არა უნდობლობა ამ კომისიის მიმართ. ჩვენ გვაქვს საფუძველი იმისა, რომ ამ კომისისიას გარკვეული მიზეზების გამო არ ვენდოთ. სწორედ ამიტომ ავიღეთ ჩვენ ვალდებულება და პასუხისმგებლობა ჩვენ თავზე, რომ კარდაკარ აქციის მეშვეობით სიების დაზუსტებისა და გადამოწმების პროცესი განვახორციელოთ, ამ პროექტს ჩვენ უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, 15-20 ივნისისთვის დავიწყებთ და გვექნება ზუსტი სურათი თუ რა რაოდენობის ადამიანია უცხოეთში, რა რაოდენობის ადამიანია დაუდგენელი პირების სიაში მიწერილი, სამწუხაროდ, გარდაცვლილი ადამიანებიც არიან ჯერ კიდევ სიაში. ამ ყველა ფაქტს გამოვავლენთ და ჩვენ ამის წინააღმდეგ ბრძოლას კამპანიურ ხასიათს მივცემთ.
- რატომ უნდა ენდოს საზოგადოება თქვენს მიერ დაზუსტებულ სიას და არა სხვა რომელიმე პარტიის, ან სიების დაზუსტების კომისიისას?
- მე არ განვსაზღვრავ საზოგადოების მოტივაციას, საზოგადოებამ თავად უნდა გადაწყვიტოს ვის ენდობა. ჩვენი ვალია, ეს სია დავდოთ, ვალდებულად ვთვლით თავს საზოგადოებას საარჩევნო სიებთან დაკავშირებით სიმართლე ვაუწყოთ, თუ ვის ენდობა საზოგადოება, ეს თავად გადაწყვიტოს. მას აქვს ინფორმაცია, გამოცდილება, რომ ზუსტად შეაფასოს, თუ სად არის სიმართლე და სწორი პოზიცია.
- რამ განაპირობა თქვენი პოლიტიკიდან საზოგადოებრივ მოძრაობაში გადანაცვლება და თქვენ და ძმებ გაჩეჩილაძეებს ისევ აქტიურ პოლიტიკაში გიხილავთ, თუ არა?
- მიუხედავად იმისა, მე პოლიტიკაში, საზოგადოებრივ მოძრაობაში თუ რიგითი მოქალაქე ვიქნები, ჩემი ცხოვრების კრედოა და პრინციპი, რომ ყოველთვის უსამართლობის და ძაალადობის წინააღმდეგ ვიბრძოლო. სწორედ ამის გამო გამოვედი 2007 წელს თბილისის ქუჩებში. ბუნებით არც მარგინალი და არც რადიკალი ვარ. ჩემი პოლიტიკური კარიერის პირველი ნაწილი რადიკალური არ იყო, თუმცა როდესაც ვნახე, რომ ეს ხალისუფლება კლასიკურ ბოროტებად ყალიბდებოდა, მოქალაქეებს, მათ თავისუფლებას საფრთხე ემუქრებოდა, მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, ეს ბრძოლა უკომპრომისო ყოფილიყო და საპროტესტო ტალღამ თბილისის ქუჩებში გადმოინაცვლა. ვიბრძოდით სამართლიანობისთვის, თავისუფალი არჩევნებისთვის, ცალკეული ადამიანის უფლებებისთვის. დღეს ეს პრობლემები კიდევ უფრო აქტუალურია და ვიბრძოლებთ იქამდე, ვიდრე ქვეყანაში სამართლიანობა არ იქნება. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ ვინ წავა ბიზნესში, ვინ პოლიტიკაში და ვინ საზოგადოებრივ სექტორში, ეს უკვე ჩვენი, ინდივიდუალური გადასაწყვეტი იქნება.
- იმ შემთხვევაში, თუ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად ჩათვლით, რას მოიმოქმედებს თქვენი ორგანიზაცია და ზოგადად, არჩევნების შემდეგ რა გეგმები აქვს "ამომრჩეველთა ლიგას?"
- იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავინახავთ, რომ არჩევნების მასობრივი ფალსიფიკაცია ხდება, რომ საარჩევნო სურათის დამახინჯება პრინციპულად ხდება, ჩვენ ამომრჩევლებთან ერთად საკუთარ ხმებს დავიცავთ ისევე, როგორც ცივილიზებული სამყარო, საზოგადოება იცავს. მათ შორის, არ არის გამორიცხული, ეს ქუჩის აქციები იყოს.
გვანცა ფიფია
საინფორმაციო სააგენტო „პირWელი“











