ინტერვიუ იურისტ ლევან ალაფიშვილთან.
-ბატონო ლევან, შსს-მ "კონსერვატიული პარტიისა" და "ეროვნული ფორუმის" წევრები დააკავა, რომელთაც ბრალად ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა - ამომრჩევლის მოსყიდვა, რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება და ოპერატიული ჩანაწერი, რომელიც კონსერვატიული პარტიის წევრის მიერ არის გაკეთებული. რამდენად კანონიერია სამინისტროს ქმედება?
- საქართველოს კანონი "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობაში ფარულ მონაწილეობას კრძალავს. ანალოგიურადვე, იგივე კანონი კრძალავს პოლიტიკური პარტიების საქმიანობაში ფარულ მონაწილეობას, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, თუ ამ პარტიის საქმიანობა მიზნად არ ისახავს კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას ან თუ ეწევიან ძალადობის პროპაგანდას და აღვივებენ შუღლს. როგორც გავრცელებული ვიდეოჩანაწერიდან ირკვევა, ფარული ჩანაწერი პარტიის წევრის მიერ არის გაკეთებული. შესაბამისად, თუკი დამატებითი ინფორმაცია არ არსებობს, შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ სახეზეა "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი აკრძალვის დარღვევა - პარტიის საქმიანობაში ფარული მონაწილეობა.
- რას ნიშნავს ეს გამონაკლისი და რამდენად შეესაბამება დაკავების აღნიშნულ შემთხვევას?
- "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ეს გამონაკლისი ნიშნავს, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ფარული მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობაში, რომელიც მაგალითად, მიზნად ისახავს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით დამხობას. ასეთის მაგალითად, შეგვიძლია, რამდენიმე წლის წინ ე.წ. "იგორ გიორგაძის პარტიის" შემთხვევა გავიხსენოთ. რაც შეეხება 16 ივლისის დაკავებას, იმ ინფორმაციით, რაც საჯაროდ არის გავრცელებული, არსად არ არის გაცხადებული, რომ "კონსერვატიულ პარტიას" ან "ეროვნულ ფორუმს" სწორედ კონსტიტუციისა და კანონსაწინააღმდეგო მიზნები აქვს ან ეწევა ძალადობის პროპაგანდას.
- გამოდის, რომ საქმე გვაქვს 1970-იან წლებში ამერიკაში უოტერგეიტის სკანდალის ანალოგთან, რომელიც პრეზიდენტ ნიქსონის თანამდებობიდან გადადგომით დასრულდა? მაშინ ქართული პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციები, ან სახალხო დამცველი ამ კანონდარღვევის თაობაზე რატომ არაფერს ამბობს?
- სამწუხაროდ, ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით. მე არ გახლავართ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. შესაძლებელია, თქვენს მიერ დასახელებულ ორგანიზაციებს ყურადღების მიღმა დარჩათ ამ კანონის არსებობა. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ სულ რამდენიმე თვის წინ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელის საფუძველზე არაკონსტიტუციურად სცნო ამ კანონის ერთ-ერთი ნორმა. აქვე გეტყვით, რომ თუკი პარტიას ის კანონსაწინააღმდეგო მიზნები აქვს, რაც ჩამოვთვალე, მისი აკრძალვა შეუძლია მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. კანონშესაბამისად მოქმედი პოლიტიკური პარტიების საქმიანობისა და დამოუკიდებლობის გარანტიებს კონსტიტუცია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" კანონი იძლევა და არათუ მის საქმიანობაში ფარული მონაწილეობა, პარტიის ოფისში ჩხრეკის, ამოღებისა თუ სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებაც კი იზღუდება.
თეა მიროტაძე
საინფორმაციო სააგენტო "პირWელი"












