კახეთის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, ილტოს ხეობაში მდებარე სოფელი ჭართალა ხელისუფლების უყურადღებობის გამო იცლება.
ამის შესახებ "პირWელს" ჭართალას მკვიდრმა, პოეტმა მიხეილ ღანიშაშვილმა განუცხადა.
"დღემდე ვერავინ, ვერც ხელისუფლებამ, ვერც ოპოზიციამ, ვერც მედიამ, ვერც ვინმემ, ილტოს ხეობისა და ჭართალისთვის ვერ მოიცალა! და რატომ ან როგორო? იმიტომ რომ, ხალხი, საარჩევნო ხმა არ არის იმ რაოდენობის, რომ ვინმე სერიოზულად დაინტერესებულიყო, დანარჩენი კი ხომ ჩვენთან ყველას ყველა ფეხებზე კიდია! გული მტკივა, სული მეთუთქება ილტოს ხეობის ასეთი სავალალო მდგომარეობის შემხედვარეს, მაგრამ ჩემი ძალები მცირეა იმისთვის, რომ რაიმე სიკეთე მოვუტანო! არადა, თავისი ბუნებრივი მდგომარეობით ნამდვილი მიწიერი სამოთხეა ეს ულამაზესი და უმდიდრესი მთიანი მხარე", - ეს განცხადება პოეტმა სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გააკეთა.
ამასთან, "პირWელთან" საუბრისას ღანიშაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ სოფელში კომლების რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება და თუ რამდენიმე წლის წინ ილტოს ხეობის ბოლოს სოფელი ბუხრევი იყო, დღეისათვის, ის საერთოდ დაიცალა და უკვე ბოლო – ჭართალა გახდა.
"სოფელი ჭართალა ღვთის ანაბარაა მიტოვებული. მას ცივილიზაციის არაფერი ეტყობა. ამჟამად, სოფელში 10-12 კომლი ცხოვრობს, მაგრამ ზამთარში მხოლოდ 7-8 თუ რჩება. სოფელს არ გააჩნია გზები. უკვე 20 წელიწადია, მუდმივი ელექტროენერგია არ გვაქვს. მზის ბატარეები დაგვიყენეს, მაგრამ მზე ხომ სულ არა არის?! თან ბატარეების სიმძლავრე მხოლოდ 3 ნათურის ანთებას თუ ჰყოფნის. სოფელში ასევე არ არის ამბულატორია, არ არის სკოლა, რის გამოც ბავშვები ახმეტაში დაჰყავთ, რომელიც ჭართალადან 14 კმ-შია. ბუნებრივია, ამ მანძილზე ყოველდღე სიარული შეუძლებელია, ამიტომ ოჯახები ახმეტაში გადავიდნენ საცხოვრებლად და სოფელში მხოლოდ ასაკოვანი ადამიანები დარჩნენ. ვითხოვთ, ხელისუფლებისგან სანამ ეს სოფელიც არ დაიცალა და გავერანდა, ყურადღება მოგვაქციოს", - განაცხადა ღანიშაშვილმა.
თელარა გელანტია











