სოხუმი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მიერ ტერმინ "ოკუპაციის" გამოყენებას "აფხაზი ხალხის შეურაცხყოფად" აღიქვამს.
ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
"აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული ჯარების ყოფნასთან დაკავშირებით ქალბატონი სახელმწიფო მდივნის მიერ ტერმინ "ოკუპაციის" გამოყენება აბსოლუტურად მიუღებლად და გაუმართლებლად მიგვაჩნია. "რუსული ოკუპაციის" შესახებ პროპაგანდისტული და ცრუ თეზისის ექსპლუატაცია შეურაცხყოფს აფხაზ ერს და აფხაზურ საზოგადოებაში აშშ-ის იმიჯს ზიანს აყენებს. საქართველოს მიერ აგრესიული ქმედებების არაერთგზის გამოცდის შემდეგ, ჩვენ მშვიდობისა და უსაფრთხოების ფასი ძალიან კარგად ვიცით. რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილი უსაფრთხოების გარანტია აფხაზი ხალხის გაცნობიერებული არჩევანი და ჩვენი სახელმწიფოების ორმხრივი შეთანხმების შედეგია. ამიტომ თეზისი "რუსული ოკუპაციის" შესახებ საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება და მისი მხარდაჭერა თბილისის ხელისუფლების რევანშისტულ განწყობებს პირდაპირ აღვივებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ასევე შეცდომად მიიჩნევს კლინტონის განცხადებას აშშ-ის მიერ სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტების მხარდაჭერის გადაწყვეტილების შესახებ.
"ამ ნაბიჯით აშშ აფხაზეთის მოქალაქეების "კოლექტიური დასჯის" აქტის განხორციელებით რისკავს და აფხაზური საზოგადოების იზოლაციის კუთხით თბილისის პოლიტიკას ახალისებს. ეს პროპაგანდისტული კამპანია ბატონი სააკაშვილის მორიგი ავანტიურაა, რომელსაც რეალიზაციის არანაირი შანსი არ აქვს. აფხაზეთის მოქალაქეებს სთავაზობენ დოკუმენტებს, რომელიც არავის უთხოვია. აფხაზეთის მოქალაქეებისთვის ქართული ე.წ. ნეიტრალური პასპორტების გაცემის გადაწყვეტილება აფხაზეთის ხელისუფლებასთან არ განხილულა, იგი ჩვენს ზურგს უკან და აფხაზი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ იქნა მიღებული", - ნათქვამია განცხადებაში.
"აფხაზეთის მოქალაქეების სრულფასოვანი დაცვისა და აფხაზური საზოგადოების დეიზოლაციისთვის მოვუწოდებთ აშშ-ის ხელისუფლებას, საკუთარ საკონსულოებში აფხაზეთის მოქალაქეების ნაღდი დოკუმენტები მიიღოს. ასევე მოვუწოდებთ აშშ-ის ხელისუფლებას, ყველა საკითხში აფხაზეთის რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლებისა და საზოგადოების აზრი გაითვალისწინოს", - ნათქვამია დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მაკა ბრეგვაძე











