ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის დავით სანაკოევის განცხადებით, “სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლობის აღიარების კუთხით ევროპის ქვეყნებთან აქტიურ მუშაობას აწარმოებს”.
როგორც სანაკოევმა გაზეთ "იზვესტიასთან” ინტერვიუში განაცხადა, “სამხრეთ ოსეთისთვის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი ერთ-ერთ პრიორიტეტულად რჩება”.
“ამ მიმართულებით ჩვენ მთელს მსოფლიო თანამეგობრობასთან ვიმუშავებთ და მივაღწევთ, რომ გაიზარდოს მათი რიცხვი, ვინც ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას აღიარებს. ჩვენ აღნიშნულ საკითხში რიგ ახალ ქვეყნებთან ურთიერთგაგება გვაქვს, თუმცა აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას მათთან, ვისთანაც ჯერჯერობით კონსტრუქციული დიალოგი არ არის დამყარებული”, - განაცხადა სანაკოევმა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილმა დე ფაქტო ომბუდსმენმა, დე ფაქტო პრეზიდენტობის ექს-კანდიდატმა დავით სანაკოევმა ე.წ. პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის გადაწყვეტილებით, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მურატ ჯიოევი ჩაანაცვლა.











