აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გუშინ “ქართუ ჯგუფსა” და “პროგრეს ბანკში” კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის აქციები დააყადაღა. ივანიშვილის იურისტების განცხადებით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აღსრულების ვადა დაარღვია, რადგან კოალიციის ლიდერს დაკისრებული ჯარიმების გადახდის ვადა 27 ივნისამდე ჰქონდა.
თავის მხრივ, კოალიციის იურისტების განცხადების იმ ნაწილს, რომლის თანახმად, ივანიშვილს ჯარიმის ნებაყოფლობით გადახდისთვის 7 კალენდარული დღე ჰქონდა, რომელიც დღეს, 27 ივნისს გადიოდა, აღსრულების ეროვნულ ბიუროშიც ეთანხმებიან, თუმცა განმარტავენ, რომ ბიუროს გუშინდელ ქმედებას პრევენციული ხასიათი ჰქონდა.
“შვიდი კალენდარული დღის გასვლა იმას ხელს არ უშლის, რომ ბიურომ ქონება მოიძიოს და მას ყადაღა დაადოს. თუ ივანიშვილი ჯარიმას გადაიხდის, მაშინ ყადაღა ავტომატურად მოიხსნება. გუშინდელ ქმედებას პრევენციული ხასიათი ჰქონდა, რათა ჯარიმის გადამხდელ პირს, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს მისი კუთვნილი ქონება არ გაესხვისებინა და კრედიტორის უფლება არ დარღვეულიყო”, - განუმარტეს “პირWელს” აღსრულების ეროვნულ ბიუროში.
მისგან განსხვავებით, ბიუროს ამ ქმედებას სხვა მიზეზით ხსნის კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის იურიდიული სამსახურის წარმომადგენლი შალვა თადუმაძე და ქრონოლოგიურად ჰყვება იმ ეტაპებს, რასაც გუშინდლამდე ჰქონდა ადგილი.
“საკითხი ეხება შემდეგ გარემოებას, რომ სააღსრულებო ბიურომ დაარღვია კანონი და იძულებით აღსრულების ღონისძიებები ვადაზე ადრე დაიწყო, ანუ იჩქარა. 21 ივნისს ელექტრონულ რეესტრში ვნახე, რომ აღსრულების ბიურომ მიწერა “ქართუ ჯგუფს” (და გაუგებარია, რატომ “ქართუ ჯგუფს”, რომელსაც ივანიშვილთან არანაირი კავშირი არ აქვს) ივანიშვილი ხომ არ არის შენი დამფუძნებლიო. იმავე დღეს ეროვნულმა ბიურომ ეროვნულ ბანკსაც მიწერა წერილი და ჰკითხა, რომელიმე ფინანსურ ინსტიტუტში ხომ არ აქვს ივანიშვილს წილიო. ბიუროს არ უკითხავს, ივანიშვილი ხომ არ არის ბენეფიციარი მესაკუთრეო. რამდენადაც დოკუმენტებიდან ჩანს, ეროვნულ ბანკს აღსრულების ბიუროსთვის არ მიუწოდებია, რომ ივანიშვილს წილი აქვს “პროგრესს ბანკში”, არადა აქვს და ეს ჩვენ წარვადგინეთ. უკვე 23 თუ 24 ივნისს “ქართუ ჯგუფმა” უპასუხა აღსრულების ბიუროს, რომ “ქართუ ჯგუფის” აქციონერი ბიძინა ივანიშვილი არ არის. თავის მხრივ, ეროვნულმა ბანკმც უპასუხა ბიუროს, რომ ბანკის ჩვეულებრივი აქციების 100% ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილსო. ამით მან შეგნებულად მოატყუა აღსრულების ეროვნული ბიურო, რათა ბიუროს ეს ღონისძიება განეხორციელებინა. უკვე 25 ივნისს ბიურომ ხელმეორედ მიმართა ეროვნულ ბანკს და უთხრა, რომ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ბანკის აქციების 100% ივანიშვილის არისო და “ქართუ ჯგუფმა” კი მომაწოდა რეესტრი, სადაც ივანიშვილი საერთოდ არ ფიქსირდებაო. 25 ივნისს, როცა ვნახე, რომ ეს მოწერა განხორციელდა, მე მოვამაზადე წერილი და 26 ივნისს სრულად გავუშიფრე, თუ რა ხდებოდა. ვუთხარი, რომ ეროვნულმა ბანკმა ბიურო მოატყუა, რადგან 26 აპრილს ეროვნულ ბანკს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ბენეფციარი და არცერთ შემთხვევაში ჩვეულებრივი აქციების 100%-ის მფლობელი. აქციების მფლობელი არის ის კომპანია, რომელმაც დააფუძნა ბანკი, ამ შემთხვევაში აქციების მფლობელი სს “ქართუ ჯგუფია”. ბენეფიციარი მესაკუთრე და წილების მესაკუთრე აბოსულუტურად განსხვავებულია. შესაბამისად, ბენეფიციარი მესაკუთრის უფლების გასხვისება არ ხდება. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილიც რომ იყოს ბენეფიციარი მესაკუთრე, ეს არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ყადაღა დაადონ. 26 ივნისს, დააახლოებით, 16:25 საათისთვის მივწერე აღსრულების ეროვნულ ბიუროს, განვუმარტე ყველაფერი და წარვუდგინე დოკუმენტები იმის შესახებ, რომ 2 მაისიდან ამ კომპანიების ბენეფიციარი უტა ივანიშვილია. შესაბამისად, “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” კანონის თანახმად, კომერციულ ბანკს ვალდებულება აქვს, ყოველწლიური შესაფერისობის დეკლარაცია წარადგინოს. ეროვნული ბანკი კი იტყუება და აქვს ძველი ინფორმაცია. მოკლედ, 16:25 სათისთვის დოკუმენტები აღსრულების ბიუროში მივიტანე, მაგრამ როცა უკვე წამოვედი იქიდან, დამირეკეს და მითხრეს, რომ ანგარიშებს ყადაღა დაადეს. რატომ გააკეთეს ეს? სავარაუდოდ, ვფიქრობ, აღსრულების ბიურომ კანონი უხეშად დაარღვია და ჩათვალა, რომ ჯობია ამ ინფორმაციის გარეშე დააყადაღოს და იჩქაროს, ვიდრე შემდეგ დააფიქსიროს, რომ მას ეს ინფორმაცია ჰქონდა”, - განმარტა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში თადუმაძემ და დასძინა, რომ ივანიშვილს ჯარიმის გადახდის უფლება დღეს, 00:00 საათამდე ჰქონდა.
“გამოდის, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ იჩქარა. ხომ შეიძლებოდა, რომ ივანიშვილს ჯარიმა დღეს გადაეხადა?! ამდენად, ვადის დარღვევა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ სააღსრულებო წარმოება შეჩერდება. პირველ რიგში, როგორც ივანიშვილის ადვოკატს უფლება მაქვს, რომ ბიუროს ხელმძღვანელს კონკრეტული აღმასრულებლის - ირაკლი ხვედელიძის მიერ კანონის დარღვევის გამო საჩივრით მივმართო”, - აღნიშნა თადუმაძემ.
ამასთან, ადვოკატის მტკიცებით, კანონის თანახამდ, ბენეფიციარი მესაკუთრის ცვილების შესახებ ინფორმაცია კომერციულმა ბანკმა ეროვნულ ბანკს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მიაწოდოს, როცა ბანკის წილი იყიდება.
“ამ შემთხვევაში, არანაირი წილი არ გაყიდულა. წილის შვილისთვის გადაცემა, გასხვისება მოხდა, რაც დაბეგვრის ოპერაციას არ წარმოადგენს. ყველა წილის გადაცემა, რომელიც პირველი რიგის მემკვიდრეზეა განხორციელებული, დაბეგვრას და სხვა გართულებულ ოპერაციებს არ ექვემდებარება. ამასთან, “ქართუ ბანკის” 100%-იანი წილის მფლობელი არის სს “ქართუ ჯგუფი”. “ქართუ ჯგუფის” დამფუძნებელი კი არის 6 კომპანია, მათ შორის ორი ქართული კომპანიაა, რომლის დამფუძნებლებიც თავის მხრივ, ოფშორში დაფუძნებული კომპანიაა და პლიუს ოთხი კომპანია, რომლებიც ვირჯინიის კუნძულებზეა დარეგისტრირებული. ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანიების დამფუძნებელი 2011 წლის მდგომარეობით ბიძინა ივანიშვილი იყო. 2012 წელს კი 100%-იანი წილის მფლობელი უტა ივანიშვილი გახდა. ეს მიმდინარე წლის 2 მაისს გადაფორმდა. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, რატომ ედება ყადაღა “ქართუ ბანკში” ივანიშვილის 100%-ს, როცა ივანიშვილს 100% არ აქვს”, - განაცხადა თადუმაძემ.
აღსანიშნავია, რომ თუ თადუმაძისგან განსხვავებით, (შალვა თადუმაძე: კანონის თანახამდ, ბენეფიციარი მესაკუთრის ცვილების შესახებ ინფორმაცია კომერციულმა ბანკმა ეროვნულ ბანკს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მიაწოდოს, როცა ბანკის წილი იყიდება”) ეროვნული ბანკისთვის ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილების შესახებ ინფორმაციის არმიწოდებას სხვა მიზეზით ხსნის ივანიშვილის კიდევ ერთი ადვოკატი ალექსანდრე ბარამიძე, რომლის მტკიცებით, “ქართუ ბანკს” ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილების შესახებ ეროვნული ბანკისთვის შესაფერისობის დეკლარაციის ვალდებულება შუალედურ პერიოდში არ აქვს”.
“მოცემულ შემთხვევაში “ბანკ ქართუს”, ისევე როგორც ყველა კომერციულ ბანკს ვალდებულება აქვს, ეროვნულ ბანკში შესაფერისობის დეკლარაცია წარადგინოს და მასში ბენეფიციარი მესაკუთრე მიუთითოს. 2011 წლის მდგომარეობით, “ბანკ ქართუს” ბენეფიციარი მესაკუთრე ბიძინა ივანიშვილი იყო და ეს შესაფერისობის დეკლარაციაშიც იყო მითითებული. ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი “ბანკ ქართუს” ბენეფიციარი მესაკუთრე აღარ არის და ამის თაობაზე კანონმდებლობის შესაბამისად, “ბანკ ქართუს” ეროვნული ბანკისთვის მომდევნო, 2012 წლის შესაფერისობის დეკლარაციის წარდგენისას უნდა ეცნობებინა. “ბანკ ქართუს” კი ეს ვალდებულება 2013 წლის იანვრიდან აპრილამდე წარმოეშობოდა”, - განმარტა ბარამიძემ და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში სააღსრულებო ბიურო და ეროვნული ბანკი კანონის ნომრებს თხზავენ, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს.
აღსანიშნავია, რომ “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონის 8/3 მუხლის მე-3 პუნქტის (სააგენტოსათვის წარსადგენი ინფორმაცია) თანახმად, ბენეფიციარი მესაკუთრე, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს კომერციული ბანკის წილის 10 პროცენტზე მეტს, ვალდებულია, ყოველი წლის აპრილში სააგენტოს წარუდგინოს დეკლარაცია წინა წლის დეკემბრის მონაცემების მიხედვით. (ამოქმედდეს 2009 წლის 1 აპრილიდან).
ამავე კანონის 8/1 მუხლის (შესაფერისობის დეკლარაცია) თანახმად კი, პირი (შემდგომში – დეკლარანტი), რომელიც აპირებს შეიძინოს კომერციული ბანკის წილი იმ რაოდენობით, რომ მისი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრის (მესაკუთრეების) მონაწილეობა ამ ბანკის კაპიტალში გადააჭარბებს 10, 25 ან 50 პროცენტს, ვალდებულია სააგენტოში წარადგინოს შესაფერისობის დეკლარაცია (შემდგომში – დეკლარაცია).
“პირWელი” „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონიდან მე-8 (1) და მე-8 (3) მუხლებს უცვლელად გთავაზობთ:
თავი II
1 (14.03.2008 N 5909)
კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენა
მუხლი 8/1. შესაფერისობის დეკლარაცია
1. პირი (შემდგომში – დეკლარანტი), რომელიც აპირებს შეიძინოს კომერციული ბანკის წილი იმ რაოდენობით, რომ მისი ან მისი ბენეფიციარყ მესაკუთრის (მესაკუთრეების) მონაწილეობა ამ ბანკის კაპიტალში გადააჭარბებს 10, 25 ან 50 პროცენტს, ვალდებულია სააგენტოში წარადგინოს შესაფერისობის დეკლარაცია (შემდგომში – დეკლარაცია).
2. დეკლარაციაში დეკლარანტი მიუთითებს:
ა) მის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;
ბ) ინფორმაციას, რომ იგი არ არის ნასამართლევი უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის, ეკონომიკური დანაშაულისათვის ან/და სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის;
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარი მესაკუთრის (მესაკუთრეების) საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ან აღნიშნავს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ოპერაციის შედეგად ასეთი ბენეფიციარი მესაკუთრე (მესაკუთრეები) არ იქნება;
დ) ინფორმაციას, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარი მესაკუთრე არ არის ნასამართლევი უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისათვის, ეკონომიკური დანაშაულისათვის ან/და სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის;
ე) მის საკუთრებაში არსებული წილის რაოდენობას ამ ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში;
ვ) მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამ ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში, იმ ბენეფიციარი მესაკუთრის საკუთრებაში აღმოჩენილი წილის რაოდენობას, რომლის წილიც აჭარბებს 10, 25 ან 50 პროცენტს;
ზ) დასკვნას ბენეფიციარი მესაკუთრის დეკლარაციაზე (მისი წარმოდგენის შემთხვევაში), რომელშიც აისახება, ადასტურებს თუ არა იგი ბენეფიციარყ მესაკუთრის დეკლარაციაში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტეს.
2/1. შესაძლებლობის შემთხვევაში დეკლარანტი თავის დეკლარაციას დაურთავს ამ მუხლის პირველ პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარი მესაკუთრის (მესაკუთრეების) მიერ შევსებულ დეკლარაციას (დეკლარაციებს).
3. თუ დეკლარანტის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარი მესაკუთრე არ არსებობს, იგი ამის შესახებ მიუთითებს დეკლარაციაში და არ ავსებს დეკლარაციის იმ ნაწილებს, რომლებიც შეეხება ბენეფიციარ მესაკუთრეს.
მუხლი 8/3. სააგენტოსათვის წარსადგენი ინფორმაცია
1. კომერციული ბანკი სააგენტოს წლიურ ანგარიშთან ერთად, მის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, აწვდის ინფორმაციას მისი 10 პროცენტზე მეტი წილის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ და აღნიშნავს, ადასტურებს თუ არა ამ ინფორმაციის სიზუსტეს.
2. ბენეფიციარი მესაკუთრე, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს კომერციული ბანკის წილის 10 პროცენტზე მეტს, ვალდებულია, ყოველი წლის აპრილში სააგენტოს წარუდგინოს დეკლარაცია წინა წლის დეკემბრის მონაცემების მიხედვით. (ამოქმედდეს 2009 წლის 1 აპრილიდან)
3. კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ სააგენტოსათვის მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში დადგება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
თელარა გელანტია
ნათია რუხაძე
საინფორმაციო სააგენტო “პირWელი”











