Le Figaro-ის შეფასებით, კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ვაშინგტონში უცხოური ოპოზიციური პარტიისთვის უჩვეულოდ დიდ თანხას ხარჯავს.
ამის შესახებ ლორა მანდევილი წერს სტატიაში "ქართველების ლობისტური ომი ვაშინგტონში", რომლის ქართულ ვერსიასაც Foreignpress აქვეყნებს.
"საქართველოს წინასაარჩევნო კამპანია მხოლოდ თბილისში არ მიმდინარეობს, არამედ - პოტომაკის ნაპირებზეც, ვაშინგტონში. პრეზიდენტ სააკაშვილის მთავარმა კონკურენტმა ბიძინა ივანიშვილმა ამერიკის დედაქალაქში ლობისტების არმია დაიქირავა და საკუთარი მეტოქის პოზიციების შესარყევად იანვრის შემდეგ K Street-ის ყველაზე სოლიდური კომპანიებისთვის უკვე დაახლოებით მილიონი დოლარი აქვს გადახდილი. მრავალრიცხოვან შუამავლებს შორის, ავტორიტეტულმა ფირმა Patton Boggs-მა 2012 წელს 510 000 დოლარი უკვე დახარჯა, მაშინ როდესაც კომპანიების -National Strategies და BGR Group ბიუჯეტი ქართველი კლიენტისთვის - ერთის 160 000, მეორის კი 180 000 დოლარს შეადგენს. ეს უჩვეულოდ დიდი ციფრია უცხოური ოპოზიციური პარტიისთვის. კამპანია პრესაში, ვიზიტები კაპიტოლიუმის ბორცვზე კონგრესმენებზე გავლენის მოსახდენად, შეხვედრები კვლევით ორგანიზაციებთან იმ მასშტაბურ ძალისხმევაზე მიუთითებს, რომელიც მიმართულია ამერიკის იმაში დარწმუნებისკენ, რომ მისი მოკავშირე დემოკრატიის კუნძული არ არის", - წერს Le Figaro.
რაც შეეხება საქართველოს მთავრობის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების - Podesta და Orion Strategies - ყოველთვიური ჰონორარს, გამოცემის ინფორმაციით, ერთის - 50 000, მეორის კი - 45 000 დოლარია.
"ამ ძალისხმევის მიზანი ქვეყნის ინტერესების დაცვაა. ჩვენი მოწინააღმდეგე კი ცდილობს, საქართველოს იმიჯის შელახოს კონსტრუქცული წინადადების გარეშე“, - განაცხადა საქართველოს ელჩმა აშშ-ში თემურ იაკობაშვილმა და დასძინა, რომ ის "ვერ ხედავს შეთქმულებას, თუმცა ოპოზიციის და რუსების ლობისტები საქართველოს წინააღმდეგ ერთნაირ არგუმენტებს იყენებენ".
კარნეგის ფონდის თანამშრომელი და კავკასიის საკითხების ექსპერტი თომას დე ვაალი, თავის მხრივ, "ლეგიტიმაციისთვის ბრძოლაზე" საუბრობს და აცხადებს, რომ "ვაშინგტონი ქართული პოლიტიკის არბიტრად იქცა".
"უფროსი რუსი ძმის მუდმივი ყურადღების ფონზე სააკაშვილის მთავრობისთვის ამერიკასთან ურთიერთობა გადარჩენის საშუალებად იქცა. მართალია, უმცროსი ჯორჯ ბუშის დროს ეს ურთიერთობა გაცილებით მჭიდრო იყო, თუმცა თბილისის მხარდაჭერას, რომელიც რეგიონში "საუკეთესო მოწაფედ" მიიჩნევა, პრეზიდენტი ობამაც განაგრძობს. თუმცა თეთრ სახლს ამ ქვეყანაში დემოკრატიის წინსვლა სურს. სრული გამჭვირვალეობის ადვოკატირებით, ქართველები გულუბრყვილო მიდგომას ავლენენ, რითაც შეიძლება, გზა გაეხსნას მოსკოვის "მხარდაჭერას", რამაც, თავის მხრივ, შეიძლება, მათი დასავლური პროექტი ჩაშალოს", - განაცხადა ვაალმა.
ნინო ჩიჩუა












