საპარლამენტო არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, თუმცა არსებული სიტუაციის შეფასებას სიტყვა „არჩევნები“ უფრო მოუხდებოდა. შარშან ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილის მოულოდნელმა გამოჩენამ პოლიტიკურ ასპარეზზე, ხელისუფლებას საბაბი მისცა, ისედაც არადემოკრატიული და უსამართლო ე.წ. საარჩევნო გარემო კიდევ უფრო გაემრუდებინა, ახალ-ახალი სათავისო ნორმებით დაეხუნძლა.
დღეს უკვე აღარავის ახსოვს ყბადაღებული ოპოზიციური „რვიანის“ თუ „ექვსიანის“ მოლაპარაკებები “ნაციონალების” წარმომადგენლებთან და მათი დაპირებები, რომ დასავლეთის ქვეყნების, მათი საელჩოების დახმარებით, მიაღწევდნენ ამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. როცა სახალხო კრების ლიდერები აცხადებდნენ, რომ მხოლოდ მძლავრი ზეწოლა ხელისუფლებაზე, ხალხის აქტიურობა და არჩევნების ბოიკოტის რეალური საფრთხე წამყვანი ოპოზიციური პარტიების მხრიდან, გარკვეულ შედეგს მოიტანდა, ზემოთხსენებული ოპოზიციური პარტიები ამ გზას უპერსპექტივოდ მიიჩნევდნენ და აკრიტიკებდნენ.
ისინი არწმუნებდნენ მოსახლეობას, რომ „ჯონ ბასი ჩვენთანაა“, რომ ამერიკელები თუ ევროპელები სულ მალე აიძულებენ სააკაშვილს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას, რისთვისაც საჭიროა, როგორც მინიმუმ, კანონმდებლობის შეცვლა, ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ ნებაზე რომ არაფერი ვთქვათ. საბოლოო ჯამში, ჯერ კიდევ ივანიშვილის ხმამაღალ განცხადებამდე, საარჩევნო კანონებში გარკვეული ცვლილებები მართლაც შევიდა, მაგრამ ისინი იმდენად კოსმეტიკური აღმოჩნდა, რომ კონკურენტულ საარჩევნო გარემოზე საუბარი სრულიად შეუძლებელი იყო.
ხოლო როცა ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა ასპარეზზე, ეს საკითხები ყველას დაავიწყდა. მასთან მიკედლებული ოპოზიციური თუ ფსევდოოპოზიციური პარტიები, მოსახლეობას ახლა უკვე ასე არწმუნებდნენ და აიმედებდნენ: „ბატონი ბიძინა“ იმდენად პოპულარულია ხალხში, რომ აღარც არის საჭირო ნორმალური საარჩევნო გარემო, რადგან ოპოზიციის გამარჯვება არჩევნებში ისედაც გარანტირებულია. როგორც ჩანს, ამგვარი ილუზიების ტყვეობაში იყო თავად ახლადგამოჩეკილი პოლიტიკოსიც, რომელიც აცხადებდა, რომ „სააკაშვილს საკუთარი დედაც არ მისცემს ხმას“. ბ-ნ ბიძინას, ეტყობა, დაავიწყდა ცნობილი გამოთქმა: „მთავარია არა ის, თუ ვის აძლევენ ხმას, არამედ ის, თუ ვინ ითვლის ამ ხმებს“.
არადა, ჯერ კიდევ შარშან, ქართულ პოლიტიკაში ნელ-ნელა მკვიდრდებოდა აზრი, რომ სააკაშვილის არსებული რეჟიმის პირობებში, არჩევნებს, თუ რამე კარდინალურად არ შეიცვალა, დიდი აზრი არ აქვს. სახალხო კრების იდეა, როგორც ალტერნატიული სახალხო წარმომადგენლობა, თანდათან პოპულარობას იძენდა საზოგადეობრივ სივრცეში. პოლიტიკური პროცესი თითქმის ჩიხში იყო შესული, ხოლო ხელისუფლებას ორიოდე „ჯიბის“ პარტიაღა ჰყავდა დარჩენილი „სპარინგ-პარტნიორად“, რომელთაც არანაირი ოპოზიციური ავტორიტეტი არ გააჩნდათ. ეს კი სერიოზულ საფრთხეს ქმნიდა თავად ხელისუფლებისთვის, რომელსაც სულ უფრო უჭირდა არჩევნებისთვის მორალური და პოლიტიკური ლეგიტიმაციის მიცემა, თუნდაც მოჩვენებითი სახით.
მაგრამ როგორც ჩანს, არა მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობას” აშინებდა მოვლენათა ამგვარი განვითარების საფრთხე, არამედ ბევრ ოპოზიციონერსაც. სხვანაირად ძნელი ასახსნელია, რატომ შეკავშირდნენ ყველანი ისინი და ხელისუფლებასთან ერთად შეუდგნენ სახალხო კრების და ბურჯანაძის კრიტიკას. ეს თავდასხმები განსაკუთრებით გამძაფრდა სახალხო კრების მიერ ორგანიზებული მასობრივი გამოსვლების ფონზე, როცა სიტუაცია საკმაოდ დაძაბული იყო.
საბოლოოდ, ამგვარმა პოზიციამ, სახალხო კრების დემონსტრაციულად დატოვებამ რიგი ოპოზიციური პარტიის მიერ, მშვენიერი შესაძლებლობა მისცა ხელისუფლებას (ჯონ ბასის მიერ ანთებულ „მწვანე შუქთან“ ერთად), სისხლიანი დარბევა განეხორციელებინა. ხოლო ზემოთხსენებული ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამ დროს განზე გადგნენ, ან ნიანგის ცრემლების ღვრას შეუდგნენ, რათა პოლიტიკური ქულები დაეწერათ ტრაგედიაზე. მხოლოდ რამდენიმე ოპოზიციური ლიდერი, მაგალითად, კახა კუკავა მივიდა 25 მაისის საღამოს აქციაზე და მომიტინგეებთან ერთად იდგა.
თუმცა, იმის გამო, რომ არ მომხდარიყო ოპოზიციური ძალების კიდევ უფრო დაქსაქსვა და ერთმანეთზე გადამტერება, რაც მხოლოდ ხელისუფლებას აწყობდა, სახალხო კრების ლიდერებს და ნინო ბურჯანაძეს არ გაუმახვილებიათ ყურადღება ამგვარ ფაქტებზე, მათ შორის ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან ღალატზე. დღეისთვის, ისმის ასეთი მოსაზრება, თითქოს ყველა ოპოზიციური პარტია ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებას“ დაუპირისპირდა და ებრძვის, რაც გადაჭარბებულია. ივანიშვილი თავად დაუპირისპირდა ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას, რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება მართლაც ხელისუფლების სატელიტებად ქცეული ქდმ, ედპ და სხვები.
საინტერესოა, რომ ამ დროისთვის ივანიშვილის პოზიციებმაც სერიოზული ცვლილება განიცადეს. თუ თავდაპირველად ის კატეგორიულად გამორიცხავდა მასობრივი აქციების ჩატარების შესაძლებლობას, დღეს უკვე ვხედავთ, რომ ამგვარი აქციები საკმაოდ ხშირად ტარდება და იგეგმება ამ კოალიციის მიერ. კიდევ უფრო ყურადსაღებია ის სიტუაცია, რაშიც აღმოჩნდა „ქართული ოცნება“ არჩევნების წინ: ე.წ. კონტროლის პალატამ გაუგონარი ოდენობის საჯარიმო სანქციები დააკისრა ივანიშვილს. თანხა ასტრონომიულ 150 მილიონ ლარს მიუახლოვდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ივანიშვილი უარს აცხადებს ამ თანხის გადახდაზე. მაგრამ ამგვარი პოზიცია, როგორც ჩანს, უკვე სცდება თავიდან არჩეულ კურსს, რომლის მთავარი აზრიც ის იყო, რომ ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, ნაციონალურ მოძრაობას დაამარცხებდა მათივე (ნაციონალების) „სათამაშო მოედანზე“, მათივე წესებით, ანუ არსებულ უსამართლო საარჩევნო გარემოშიც კი. თუკი ახლა ბატონი ბიძინა უარს იტყვის ხელისუფლების იურიდიული მოთხოვნის შესრულებაზე, მაშინ სააკაშვილის რეჟიმი მის სამართლებრივ დევნას დაიწყებს. ამგვარად, ნათელი ხდება, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილის გათვლა, ივანიშვილის ფაქტორის გამოყენებით და დასავლეთის ქვეყნების ვითომდა მოსალოდნელი დახმარებით, უსამართლო არჩევნებში დაემარცხებინათ მმართველი პარტია, სულ უფრო მეტ წინააღმდეგობებს ხვდება და ჩიხში შესვლის საფრთხის წინაშე დგას.
გიორგი ვეკუა
პოლიტოლოგი












