ექსპერტის ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, თუ ევროს გადარჩენა ვერ მოხერხდა, ევროზონის დაშლა ალბათ, გარდაუვალია, რასაც საქართველოზე გავლენა გარკვეულწილად ექნება.
ამის შესახებ ლექვინაძემ "პირWელს" ეკონომიკის პროფესორის ნუროლ რუბინის პროგნოზის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, ევროზონა მაქსიმუმ, ექვსი თვის განმავლობაში დაიშლება.
"მიმდინარე წელი ევროკავშირის ისტორიაში ყველაზე მწვავეა. კრიზისი, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო, პიკშია. პრობლემები საბეძნეთის გარდა, რომელმაც მრავალმილიარდიანი დახმარება მიიღო, უკვე იტალიას, ესპანეთს და პორტუგალიასაც აქვს. პროფესორ ნუროლ რუბინის პროგნოზი რეალისტურია, თუმცა ყველაფერი გერმანია-საფრანგეთის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, გენერალური გადაწყვეტილება ევროკავშირის დაშლაზე მიღებული არ არის. მართალია, ეს ძვირი უჯდება ამ ორ ქვეყანას, მაგრამ ღირსების საკითხია, რადგან ევროკავშირის დაშლა იქნება ამ იდეის კრახი, რაც ევროპისთვის კარგი არ არის. თუმცა ძალიან ბევრი საკითხი უფრო აქტიურად გადასახედია, საუბარია, ერთიან ფისკალურ და საგადასახადო სისტემაზე, საბიუჯეტო ვალდებულებების სტანდარტებზე და ა.შ. თუ ევროს გადარჩენა ვერ მოხერხდა, რომელიც გაუფასურების რეჟიმშია, დაშლა ალბათ, გარდაუვალია. თუმცა ვფიქრობ, ევროპის ლიდერი ქვეყნები ევროკავშირის გადასარჩენად ყველა რესურსს გამოიყენებენ. ფაქტია, რომ მდგომარეობა კრიტიკულთან ახლოს არის" - განაცხადა ლექვინაძემ და დასძინა, რომ ჩიხიდან ოპტიმალური გამოსავალი ვალდებულებების შემცირებაში მდგომარეობს.
"კრიზისულმა ქვეყნებმა უნდა გაყიდონ არსებული აქტიები, თუმცა ეს პოლიტიკურად მძიმე გადაწყვეტილებაა და პროტესტი აუცილებლად მოჰყვება, ამიტომაც არის ასეთი გაჭედილი მდგომარეობა..." - აღნიშნა ექსპერტმა.
რაც შეეხება ევროზონის შესაძლო დაშლის გავლენას საქართველოზე, ლექვინაძის აზრით, ეს პროცესი, ბუნებრივია, გავლენას საქართველოზე მოახდენს, თუმცა არა - მნიშვნელოვნად.
"რა თქმა უნდა, გავლენა გარკვეულწილად ექნება, თუმცა ქართული ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში მცირეა (26%), შესაბამისად, აქ დიდი ცვლილებები ალბათ არ იქნება. თუ სტატისტიკას დავაკვირდებით, აქამდე არსებულ კრიზისებს საბერძნეთიდან, იტალიიდან და ესპანეთიდან ფულად გზავნილებზეც არ მოუხდენია გავლენა კლების მიმართულებით. ამდენად, ამ ნაწილში მკვეთრი ცვლილებები, ვფიქრობ, რომ არ იქნება. ევროპიდან ინვესტიციები ისედაც მცირეა ევროზონის დაშლის შემთხვევაში დისკომფორტი იქნება ალბათ, ტექნიკური ხასიათი, ვალუტების ცვლილებასთან დაკავშირებით. ასევე საქართველოზე გავლენას მოახდენს ისიც, რომ ვინც გზავნილს ევროში იღებს, მისი ღირებულება კურსის კლების გამო უფასურდება და მათ გადახდისუნარიანობას ამცირებს" - განაცხადა ლექვინაძემ.
ცნობისთვის, ეკონომიკის პროფესორის ნუროლ რუბინის პროგნოზით, ევროზონა მაქსიმუმ, ექვსი თვის განმავლობაში დაიშლება.
BPI-ის ინფორმაციით, ამის შესახებ რუბინმა გაზეთ "РБК-DAILY"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"საბერძნეთში სიტუაცია არ გაუმჯობესდება, რამდენადაც ქვეყნის ხელისუფლება უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში ჩამოიშლება, მაგრამ მთავარი პრობლემა ამ ქვეყანაში არ მდგომარეობს. 3-6 თვის შემდეგ იტალია და ესპანეთი კაპიტალის ბაზრებზე ხელმისაწვდომობას დაკარგავს. პორტუგალიისა და კვიპროსის გარეშე, ევრო შესაძლოა, გადარჩეს, თუმცა სავალუტო კავშირს იტალია და ესპანეთი ჰაერივით სჭირდება. რა თქმა უნდა, შეიძლება, გერმანიასთან ერთად კავშირში ავსტრია, ფინეთი და ჰოლანდია დარჩნენ, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ევროზონის დაშლა გარდაუვალია", - აცხადებს რუბინი.
რუბინის პროგნოზით ევროზონის კრახი შესაძლოა, გერმანული მარკის აღორძინების სცენარით წარიმართოს.
"იმ შემთხვევაში, თუ გერმანული მარკა აღორძინდება და მისი გაცვლითი კურსი ევროს მიმართ მკვეთრად გაიზრდება, მაშინ ევროზონის სხვა ქვეყნები ლირებით, დრაჰმებითა და ესკუდოთი დაკარგავენ უნარს, მათი ვალები გადაიხადონ და ისინი მომავალი ექვსი თვის განმავლობაში, იძულებული გახდებიან, ვალის დაბრუნება შეწყვიტონ. ამასთან, ამ ქვეყნების ფასიანი ქაღალდები რეალურ ღირებულებას დაკარგავს და ისინი გაუფასურდება. ამის შედეგად ინვესტორები და ბანკები უზარმაზარ ზარალში ჩავარდებიან" - აღნიშნავს ნუროლი.
თელარა გელანტია












