"საერთაშორისო ამნისტიის" შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ არჩევნების მოლოდინში ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობა უნდა შეწყვიტოს.
"მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეები ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის ემზადებიან, "საერთაშორისო ამნისტია" შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ოპოზიციის მხარდამჭერთა და ჟურნალისტთა დაცვას პოლიტიკურად გამიზნული ძალადობისაგან. ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს ყველა პირის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა და კუთვნილებისა და ბოლოდროინდელ ძალადობრივ შეტევებზე პასუხისმგებელი პირები სამართალში მისცეს, რასაც წინ უნდა უძღოდეს ზედმიწევნითი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება. ამ უკანასკნელი კვირების განმავლობაში ადგილი ჰქონდა კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ გამართული საჯარო აქციების ჩაშლას ფიზიკური დაპირისპირების მიზეზით. ოპოზიციის ლიდერების თქმით, ამ ინციდენტებში მონაწილეობას ადგილობრივი საბჭოების თანამშრომლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირები იღებდნენ, ხოლო თავად ინციდენტები ხელისუფლების მიერ დაიგეგმა და იმართებოდა", - აცხადებენ "საერთაშორისო ამინისტიციაში" და აქვე განხილულია 12 ივლისს კარალეთში და 26 ივნისს მერეთში მომხდარი ინციდენტები.
"აქციებისა თუ პოლიტიკურად მგრძნობიარე მოვლენების გაშუქებისას პროოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული თავდასხმის შესახებ შეტყობინებების გარდა, გავრცელდა ინფორმაცია პროოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტების დაშინებისა და ჟურნალისტური საქმიანობის წარმართვის ხელყოფის შესახებ დაუდგენელი პირების მიერ. უცნობი პირები უთვალთვალებენ და კითხვებს უსვამენ პროოპოზიციურად განწყობილ ჟურნალისტებს, დამთრგუნველი ქმედებითა და კომენტარებით ხელს უშლიან სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაში: ინტერვიუების ჩატარებასა და გადაღებების წარმოებაში", - აცხადებენ "საერთაშორისო ამინისტიაში" და აქვე მოყვანილია '"ინფო 9"-ისა და სტუდია "GNS"-ის ჟურნალისტების საქმიანობისთვის ხელისშეშლის ფაქტები.
"საერთაშორისო ამნისტია" მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობისა და დაშინების ყველა ფაქტის ზედმიწევნითი გამოძიება.
ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ჟურნალისტების მიერ მათი სამუშაო მოვალეობების დაუბრკოლებლივ შესრულება ძალადობის შიშის გარეშე, მიუხედავად იმ მედია-საშუალებების პოლიტიკური შეხედულებებისა, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ.
ნათია რუხაძე












