კოალიცია "ქართული ოცნების" დაკავებული წევრის მერაბ კაჭახიძის ადვოკატი კობა კობახიძე შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას უკანონოს უწოდებს.
როგორც "პირWელს" კობახიძემ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ბრალი ჯერ არ წაყენებია და გამომდინარე აქედან, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გააჩნდა უფლება რაიმე განმარტება გაევრცელებინა".
"გამომძიებელს ბრალი არ წაუყენებია კაჭახიძისთვის, დაკავებული პასუხისგებაში ჯერ არ არის მიცემული, შესაბამისი აქტი შედგენილი არ არის. გამომძიებელმა მას ხომ უნდა აუხსნას კონკრეტულად რაში ედება ბრალი, იქნებ ისეთი ფაქტები დაუპირისპიროს კაჭახიძემ, რომ ის უდანაშაულოდ ცნონ?" - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, შსს-ს განცხადება იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ გამოძიება ტენდენციურად მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გუშინ "კოალიცია ქართული ოცნების" 3 წევრის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
"გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ კოალიცია ~ქართული ოცნებაში~ შემავალი კონსერვატიული პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მერაბ კაჭახიძემ მთაწმინდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ნაღდი ფულის სახით ხელზე 7000 ლარი გადასცა, რომელიც მისივე მითითებით წინასწარ მოძებნილ 6 ფიზიკურ პირზე გადანაწილდა; აღნიშნულმა პირებმა, წინასწარ შედგენილი სქემის შესაბამისად, თანხა თვალთმაქცური გარიგების გზით ისევ კონსერვატიული პარტიის ანგარიშზე საწევროს სახით გადარიცხეს. ამასთან, გამოძიებას გააჩნია მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებს, რომ იმავე სქემა გამოიყენა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნებაში შემავალმა პარტია "ეროვნულმა ფორუმმა." კერძოდ, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, "ეროვნული ფორუმის" გლდანის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ თეიმურაზ შეყლაშვილმა და ამავე პარტიის აქტივისტმა ტარიელ ქარდავამ ნაღდი ფულის სახით ~ეროვნული ფორუმის~ ერთ-ერთ აქტივისტს 1750 ლარი გადასცეს, რომელიც ამ უკანასკნელმა ~ეროვნული ფორუმის~ ანგარიშზე შემოწირულობის სახით გადარიცხა. გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია მერაბ კაჭახიზე, თეიმურაზ შეყლაშვილი და ტარიელ ქარდავა, რომელთაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ ვადებში ბრალი წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641-ე მუხლით - კანონით დადგენილი შეზღუდვისათვის თავის არიდების მიზნით თვალთმაქცური გარიგების დადებისათვის", - ნათქვამია განცხადებაში.











